ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე

access_time2019-12-12 16:00:38

ფასების ზრდამ წლის ახალი რეკორდი მოხსნა და ინფლაციამ 7%-ს მიაღწია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო წლებში ქვეყანას უფრო მაღალი მაჩვენებელიც ახსოვს, არსებული მდგომარეობა გაცილებით უფრო მძიმეა. იმდენად, რამდენადაც არსებული ინფლაციის ფორმირებაზე, მთავარი ზეგავლენა იქონია ისეთმა ქვეჯგუფმა როგორიცაა სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (ზრდა 13.4%). სხვა სიტყვებით, რომ ვთქვათ ფასები ყველაზე მეტად გაიზარდა პირველადი მოხმარების პროდუქტებზე. თუმცა, ამის გარდა ფასების ზრდა ფიქსირდება, თითქმის ყველა პროდუქტსა და მომსახურებაზე. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელებსა და თამბაქოზე, ფასები გაიზარდა 15.4%-ით, რაც 1.03 პროცენტული პუნქტით აისახა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ფასები მომატებულია როგორც თამბაქოს ნაწარმზე (29.9 პროცენტი), ისე ალკოჰოლურ სასმელებზე (3.4 პროცენტი).


ფასების ზრდა ფიქსირდება ტრანსპორტის ჯგუფშიც, ამ ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.1 პროცენტიანი მატება, რაც 0.37 პროცენტული პუნქტით აისახა ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე. ჯგუფში ფასები გაიზარდა სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (9.6 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (3.0 პროცენტი) და პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (2.6 პროცენტი).


მაგალითად, 2017 წლის, ანალოგიურ პერიოდში ინფლაცია, თითქმის იგივე მაჩვენებელზე იყო (ინფლაცია 6.9%) რამდენზეც დღეს, თუმცა იმხანად ინფლაციის ფორმირებაში პირველადი მოხმარების პროდუქტის წილი, ძალზეც მცირე იყო (სურსათი და უალკოჰოლო სასმელები ფასების ზრდა 0.8%). დღეს კი იმავე ჯგუფის წილი, საერთო ინფლაციაში, როგორც უკვე ვახსენეთ 13%-ს აღემატება. სწორედ ეს გარემოებაა ამძიმებს სურათს განსაკუთრებულად, რომელსაც რიგითი მომხმარებლები უკვე საკუთარ ჯიბეზეც აშკარად გრძნობენ.


ახლა კი ისმის მთავარი კითხვა, რატომ გადააჭარბა ინფლაციის მაჩვენებელმა, მიზნობრივს 2.3-ჯერ და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა გაძვირებულ ცხოვრებაზე?! თუ კანონმდებლობას ჩავხედავთ, ფასების სტაბილურობაზე პასუხისმგებელი ცენტრალური ბანკია.


სწორედ ამ არგუმენტს იყენებს ხოლმე, თავად ცენტრალური ბანკიც ეროვნული ვალუტის დევალვაციის კომენტირებისას და სწორედ ამ არგუმენტით, ცდილობს აიცილოს პასუხისმგებლობა ლარის გაუფასურებაზე, რომელმაც მნიშვნელოვან წილად განაპირობა დღეს არსებული ინფლაციის დონე. ამას უკვე თავად ცენტრალური ბანკიც აღიარებს.


ახლა კი ქრონოლოგიურად გავყვეთ მოვლენებს, როგორც უკვე ვახსენეთ, ინფლაციაზე მთავარი წნეხი გაუფასურებული ვალუტიდან მოდის. სწორედ ამიტომ დავიწყოთ საუბარი იქიდან თუ როდის დაიწყო გაუფასურება ლარმა.


ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება მაისის პირველ ნახევარში დაიწყო და ამ პერიოდში ლარზე, მცირედი გავლენა თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირის გაუფასურებამ მოახდინა. მართლაც თუ დინამიკაში დავაკვირდებით, არითმეტიკული სიზუსტით მიჰყვა ლარი, თურქული ვალუტის გაუფასურების ტრენდს. თუმცა, ტექნიკურად ეს შუძლებელია და სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტის გაუფასურებას, გარკვეული გადაცემის დრო სჭირდება, ადგილობრივ ვალუტაზე ზეგავლენის მოსახდენად. ჩნდება კითხვა, მაშინ რატომ გაუფასურდა ლარი, ლირის პარალელურად. საქმე ის გახლავთ, რომ ეკონომიკაში არსებობს ტერმინი, რომელსაც მოლოდინების ეფექტი ეწოდება და რომელსაც მყისიერი ზეგავლენის მოხდენა შუძლია სავალუტო ბაზარზე და არამხოლოდ მასზე. თუმცა, ამ მოლოდინების შექმნაცა და გაფანტვაც, სწორი კომუნიკაციით ხელეწიფება ცენტრალურ ბანკსა, თუ ეკონომიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენს რეალობაში, რასაც სებ-ის მხრიდან ვისმენდით იყო ის, რომ ლარის გაუფასურება სებ-ს არ ეხება. არც ეს შემთხვევა იყო გამონაკლისი, ცენტრალურმა ბანკმა საზოგადოებას, ისევ არაფერი განუმარტა სავალუტო ბაზარზე მიმდინარე პროცესების შესახებ. შესაბამისად სავალუტო ვაჭრობის მონაწილეებმა რომლებიც, მუდმივად ადევნებენ ტრენდს თვალს, დაიწყეს ჰეჯირება, ანუ ეროვნული ვალუტის სწრაფი მოშორება, პოტენციური რისკების გადასაზღვევად, რამაც, ცხადია, უკვე ტექნიკური წნეხი გამოიწვია ლარზე.



პანიკის გადავლის შემდეგ, ლარმა იმ პოზიტიური მაკროეკონომიკური პარამეტრების შეთვისება დაიწყო, რომელიც იმხანად გვქონდა ბაზარზე და ივნისიდან გამყარება დაიწყო. თუმცა, აქ უკვე ერევა ეროვნული ბანკი და ლარის გამყარებას ხელოვნურად აჩერებს. კერძოდ, ივნისის დასაწყისში, სებ-ი სავალუტო ბაზრიდან ინტერვენციების გზით, 10 მლნ დოლარს იღებს, ეს პირველი კრიტიკული “შეცდომაა”, რომელსაც ცენტრალური ბანკი უშვებს. ეროვნული ვალუტისთვის, მომდევნო საგარეო დარტყმა რუსული სანქციები აღმოჩნდა, რომელიც ივნისის ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით შემოიღო რუსეთმა.


სწორედ ამ პერიოდში მიაღწია ლარმა გაუფასურების მაქსიმუმს და ის 3 ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა. ამ პროცესებს სებ-მა განცხადებით უპასუხა და აღნიშნა, რომ ცენტრალური ბანკი მხოლოდ მას შემდეგ ჩაერეოდა საქმეში, რაც საფრთხე შეექმნებოდა ფასების სტაბილურობას. ძალიან მალე ასეც მოხდა აგვისტოში გამოქვეყნდა ივლისის თვის ინფლაციის მონაცემები. მართალია მონაცემების მიხედვით ივლისში ქვეყანაში დეფალცია ფიქსირდებოადა, თუმცა მონაცემების ანალიზით კარგად ჩანდა, რომ სახეზე გვქონდა ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტსა და მომსახურებაზე ფასების ზრდა და საერთო სურათს, მხოლოდ ადგილობრივი წარმოების ბოსტნეული და ბაღჩეული აბალანსებდნენ. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროდუქტები სეზონურია და ცხადი იყო, რომ ამ პერიოდის გადავლის შემდეგ დაიწყებოდა ფასების მასშტაბური მატება. შესაბამისად, აგვისტოში გამართულ მონეტარული პოლიტიკის სხდომაზე, ყველა ელოდა ცენტრალური ბანკისგან ქმედითი ნაბიჯების გადადგმას, მაგრამ ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი დატოვა, ეს სებ-ის მეორე კრიტიკული შეცდომა იყო.


სექტემბერში როდესაც სახეზე გვქონდა ყველა ტიპის პროდუქტზე ფასების ზრდა, სებ-ი იწყებს ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, ეროვნულმა ბანკმა გასულ 2 თვეში 3-ჯერ გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი და ის 6.5 დან 8.5%-მდე ასწია. თუმცა, აღნიშნული ბერკეტის გარდა, ცენტრალური ბანკი გეგმაზომიერად იყენებს მის ხელთ არსებულ სხვა ინსტრუმენტებსაც, რითიც ინფლაციურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მაგალითად, სებ-მა კომერციულ ბანკებს უცხოურ ვალუტაში დარეზერვების ნორმა 5%-ით შეუმცირა, რითიც დაახლოებით 700 მლნ დოლარი გამოათავისუფლა ბაზარზე. ამის პარალელურად სებ-მა 2 ჯერ განახორციელა ინტერვენცია სავალუტო ბაზარზე და 40-40 მლნ გამოიტანა გასაყიდად.


პირველი ინტერვენცია სებ-მა 1 აგვისტოს განახორციელა და ბაზარმა 32 მლნ დოლარი აითვისა, რომელმაც კურსზე მნიშვნელოვანი ზეგავლენაც მოახდინა. კერძოდ, ლარი 3 პუნქტით გამყარდა, თუმცა დროებით. მეორე ინტერვენცია სებ-მა სექტემბრის მიწურულს განახორციელა და ბაზარს, ისევ 40 მლნ დოლარი მიაწოდა, მაგრამ ამას უკვე სავალუტო ბაზარზე, პრაქტიკულად ზეგავლენა აღარ მოუხდენია და კურსი არ შეიცვალა.


ჩნდება კითხვა რატომ ვერ ახერხებს სებ-ი კურსის ნორმალიზებას და ინფლაციაზე ზეწოლის შემცირებას?!


ამას კი რამდენიმე მიზეზი აქვს, პირველი არის სებ-ის დაგვიანებული რეაგირება. ცენტრალური ბანკის მთავარი და ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტი, რითიც ზეგავლენას ახდენს ფასების საერთო დონეზე. ეს არის რეფინანსირების განაკვეთი, როგორც ვახსენეთ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ბერკეტი, თუმცა მას აქვს ერთი თავისებურება, ამ ბერკეტის გადაცემის ეფექტი არის საშუალოვადიანი და ის მყისიერ ზეგავლენას ვერ ახდენს პროცესებზე. შესაბამისად, სებ-ის მიერ ამ ბერკეტის დაგვიანებით ამოქმედებამ, მნიშვნელოვნად გაართულა ინფლაციის მოთოკვა.


მეორე ფაქტორი რომელიც, ასევე შეგვიძლია სებ-ის არასწორ მონეტარულ პოლიტიკას მივაწეროთ არის ლარის გაზრდილი მასა მიმოქცევაში. მაგალითად, თუ აგვისტოში რეფინანსირების სესხების სახით, სებ-მა კომერციულ ბანკებს 770 მლნ ლარი მიაწოდა, აგვისტოს შემდეგ სებ-ი მუდმივად ზრდიდა რეფინანსირების სესხებს და მისმა მოცულობამ ნოემბერში 2.350 მლრდ მიაღწია. სწორედ ეს გახლდათ მთავარი მიზეზი იმისა, თუ რატომ ჩაიარა სებ-ის მეორე 40 მლნ ინტერვენციამ უშედეგოდ. არსებულ მდგომარეობას კარგად შეეფერება სიტყვა – მოწამვლა, ეკონომიკა ლარის ჭარბი მიწოდებით არის მოწამლული, რაც კურსზე ისახება.


თუმცა, ყველაფრის ცენტრალურ ბანკზე გადაბრალება სამართლიანი, ნამდვილად არ იქნება. თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ ეკონომიკას საკმაოდ მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს და გაუარესებულია რიგი იმ მაკროეკონომიკური პარამეტრებისა, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინებაზე არის პასუხისმგებელნი. მაგალითად, ქვეყანას 300 მლნ დოლარი დააკლდა ტურიზმიდან, 53 %-ით შემცირდა ინვესტიციები, წინა წელთან შედარებით, რაც კოლოსალური კლებაა. ამ ყველაფერს კი ემატება დაძაბული პოლიტიკური ფონი და აქციები, რომელიც ძალიან ნეგატიურად მოქმედებს, როგორც ლარზე და ფასების სტაბილურობაზე, ისე მთელს ეკონომიკაზე.


შესაბამისად ამ უკანასკნელს ცენტრალურ ბანკსა და მის პრეზიდენტს, ნამდვილად ვერ დავაბრალებთ და ამ მიმართულებით, მთავარი ისრები, ეკონომიკური გუნდისა და მმართველი ძალისკენ იხრება.


გაზეთი „ბანკები და ფინანსები“

პაატა ბაირახტარი


თეგები:
ინფლაცია



„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!

მეგატექნიკა Samsung-ის ოფიციალური პარტნიორი გახდა!
access_time2020-01-27 09:54:23
2020 წლიდან, მეგატექნიკის მაღაზიათა ქსელში თქვენ შეძლებთ სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამიანი სმარტფონების შეძენას. მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია სამსუნგის სარეცხი მანქანებიც, ეტაპობრივად კი სამსუნგის პროდუქტების სხვადასხვა კატეგორიებსაც შემოგთავაზებთ.  ქართველმა მომხმარებელმა უკვე კარგად იცის სამსუნგის ჰოლოგრამის მნიშვნელობა, თუმცა კიდევ ერთხელ...

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ

როგორ ჩნდება ახალი ვირუსი და რა უნდა ვიცოდეთ გლობალური ეპიდემიების შესახებ
access_time2020-01-26 20:00:26
ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში კორონავირუსით გამოწვეული პნევმონიის შემთხვევები სულ უფრო იზრდება. საინტერესოა, რატომ წარმოიქმნება მუდმივად ახალ-ახალი ვირუსები? რატომ არ არსებობს უნივერსალური წამალი? მოსალოდნელია თუ არა ახალი გლობალური ეპიდემია?   როგორ წარმოიქმნება გლობალური ეპიდემია? გლობალურ ეპიდემიას ან პანდემიას უწოდებენ დაავადებას, რომელიც არა მხოლოდ ერთი ქვეყნის ან ქალაქის ფარგლებში ვრცელდება, არამედ მთელ მსოფლიოს მოიცავს და ამით ადამიანების...


მსგავსი სიახლეები

up