ვირუსი, რომლითაც რასიზმი გადადის

ვირუსი, რომლითაც რასიზმი გადადის

access_time2020-02-02 18:00:39

„ამ ჩინელებს რომ გადაშენდნენ, არ უნდათ? რა უბედურებაა, ეგ გვაკლდა კიდე“...

„ჩინელები რომ გაგვეშვა ფაროსანებთან ბრძოლაში, არ ჯობდა? ისედაც ბევრნი არიან და თან უკვე მოშინაურებულები საქართველოში“...

„რო ამოიჟუჟონ ეს ჩინელები! მოუხდებათ გამოხშირვა ამ ფაროსანა ნაროდს!“...

და ა.შ.

ეს სოციალური ქსელიდან ამოკრეფილი პოსტებია. უმცირესი ნაწილი. ჩინეთიდან წამოსული ახალი სახეობის კორონავირუსის 2019-nCoV-ის გავრცელებასთან ერთად, საქართველოში და არა მარტო საქართველოში, აზიის ქვეყნებში მცხოვრები ადამიანების მიმართ რასისტული, მტრული განწყობა სულ უფრო მატულობს.

21 წელია იუ ხუას საქართველოსთან მჭიდრო, საქმიანი კავშირი აქვს. ის საქართველოში ჩინეთის სავაჭრო პალატის გენერალური მდივანია. თბილისიდან მშობლიურ ქალაქ ჩენგდუში ცოტა ხნის წინ წავიდა. ახლა ის 23 მილიონიან ქალაქში, ცოლთან და შვილთან ერთად ცხოვრობს და მკაცრად იცავს ყველა იმ მითითებას, რასაც ჩინეთის ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის გავრცელების გამო ჩინეთის მოქალაქეებისათვის გასცემს.

იუ ხუა რადიო თავისუფლებას უყვება ჩინეთში შექმნილი ვითარების შესახებ და ამბობს, რომ ჩინელი ხალხისა და მეცნიერების მიდგომა ახალი ვირუსისადმი, მას აძლევს საფუძვლიან იმედს, რომ უახლოესი 20 დღის განმავლობაში, ვირუსი უკან დახევას დაიწყებს. „გარდა იმისა, რომ მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესაქმნელად, ჩვენ აღმოვაჩინეთ გზა, როგორ შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება. არ გაინძრე. დარჩი იქ, სადაც ხარ!“, - ამბობს იუ ხუა:

„მე ახლა სახლში ჩემს ცოლთან და შვილთან ერთად ვცხოვრობ. არ მივდივარ ჩემი მშობლების სანახავად, ჩემი ძმის სანახავად. არც ისინი მოდიან. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი გზა, დავიცვათ საკუთარი თავიცა და ჩვენი ახლობლებიც ვირუსის გავრცელებისგან. თუკი გარეთ გვიწევს გასვლა, საყიდლებზე, ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას, სახლიდან გასვლის წინ ვიზომავთ სიცხეს. გარდა ამისა, აუცილებლად გვიკეთია პირბადეები. ჩვენ ყველა ამ მითითებას მკაცრად ვასრულებთ“.

იუ ხუა 15 დღეში კვლავ თბილისში დაბრუნებას გეგმავს. ის სოციალური ქსელით ადევნებს თვალყურს იმ განწყობებს, რაც კორონავირუსის გავრცელებასა და საზოგადოებაში მის გამო გაჩენილ შიშსა და რიგ შემთხვევებში, დისკრიმინაციულ გამოვლინებებს უკავშირდება:

„მიუხედავად იმისა, რომ ჩინელებსა და ჩინეთს ბევრი ამხნევებს, სამწუხაროდ, სოციალურ ქსელებში მხვდება კომენტარები, მსუბუქად თუ ვიტყვი, არამეგობრული კომენტარები ჩინელების მისამართით. საქართველო ცნობილია თავისი სტუმარ-მასპინძლობის ტრადიციით. ამ ვირუსის ფონზე, ჩემთვის გასაგებია შიშის ფაქტორი. ხალხი წერს, არ შემოუშვათ ჩინელები საქართველოში, წავიდნენ ჩინელები საქართველოდან... გულდასაწყვეტია ამგვარი ფრაზების მოსმენა ისეთი ტრადიციების მქონე ქვეყნის წარმომადგენლებისგან, როგორიც საქართველოა. ყველას შეიძლება შეექმნას პრობლემა და ასეთ დროს, ჩვენ ერთმანეთს კი არ უნდა განვუდგეთ, პირიქით, უნდა გავამხნევოთ ერთმანეთი. ახლა სიმშვიდის დროა. ჩვენ ახლა ძლიერები უნდა ვიყოთ და ერთმანეთი გავამხნევოთ. ჩემი პატივისცემა საქართველოსა და ქართველებს. ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ვირუსმა უკან დაიხიოს და სხვა ქვეყნებში არ გავრცელდეს“.

ის, რომ კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად მსოფლიოში იმატა რასისტულმა განწყობებმა, ამის შესახებ აქტიურად წერს დასავლური მედიაც. მათ შორის, CNN, BBC, The Guardian. ისინი იტყობინებიან, რომ აზიელთა მიმართ მტრული განწყობა თვალშისაცემია. კრიტიკის ობიექტი ხდება თავად მედიაც.

„გასულ კვირაში ავტობუსში ავედი. როგორც კი დავჯექი, კაცი წამოხდა, სასწრაფოდ წამოკრიფა თავისი ნივთები და წავიდა... რამდენიმე დღის წინ ტრამვაით ვმგზავრობდი, ჩემს წინ მსხდომნი ხმამაღლა განიხილავდნენ შაბათ-კვირის გეგმებს. ერთ-ერთმა სერიოზული ხმით ურჩია დანარჩენს: „თქვენს ადგილას "ჩაინათაუნში" არ წავიდოდი, მაგათ ხომ ის დაავადება აქვთ... შეშფოთებული ქალი ყვებოდა მეგობრის ამბავს, რომელიც ჩინელ სტუდენტებს ასწავლის და ახლა ძალიან შეშინებულია, იქნებ ის ვირუსი გადამედოო“, - ეს არის ნაწყვეტი ლონდონში მცხოვრები, მანჩესტერის უნივერსიტეტის მაგისტრანტის, სემ ფანის სტატიიდან, რომელიც დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა, თუმცა, წარმოშობით ჩინეთიდანაა. მისი სტატია The Guardian-ში 27 იანვარს გამოქვეყნდა.

კორონავირუსი ქართულად


სინოლოგი მარიამ ასათიანი, აქტიურად ადევნებს თვალს ქართულ სოციალურ ქსელში მიმდინარე განხილვებს და წუხს, რომ სულ უფრო მატულობს ჩინეთის მოქალაქეების მიმართ გამოთქმული რასისტული და დისკრიმინაციული განწყობები:

„პირადად ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის მოსმენა და წაკითხვა. ძალიან ბევრი ჩინელი მეგობარი მყავს, რომლებიც ახლა შეიძლება ითქვას, რომ ეპიდემიის ეპიცენტრში იმყოფებიან, მაგრამ დღეს, ისინი გაცილებით მშვიდად გამოიყურებიან და პასუხისმგებლობით ეკიდებიან შექმნილ ვითარებას, ვიდრე ჩვენ, აქ. სამწუხაროდ, არ მიკვირს, რომ დღეს, ამ ფონზე, საქართველოში რასისტული განწყობები გაძლიერდა. სულ მცირე სიტყვიერი თანადგომა მაინც უნდა გამოვუცხადოთ ამ ხალხს, სხვა თუ არაფერი შეგვიძლია. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ განწყობებს გარკვეულწილად მედიაში ატეხილი ისტერიაც უწყობს ხელს“.

ის, რომ მედია რასიზმის გაღვივების ერთ-ერთი წყარო შეიძლება იყოს, ამას რადიო თავისუფლებასთან ამბობს თამთა მიქელაძეც, „ადამიანის უფლებებისა და სწავლების მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი. მისი თქმით, მედიაში შექმნილი პანიკა არ იძლევა ვირუსის გავრცელების საკითხზე რაციონალური მსჯელობის შესაძლებლობას. მისი თქმით, ახლა უმჯობესია, მთავარი კითხვები დაისვას საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიმართ, რამდენად შესწევს მას ძალა, რომ გაუმკლავდეს ვირუსის გავრცელებას:

„იმის მაგივრად, რომ სახელმწიფოს მოვთხოვოთ ადეკვატური სერვისები და პრევენციული ზომების მიღება, საზოგადოების დიდი ნაწილი შიშებსა და ბრაზს მიმართავს კონკრეტულ ჯგუფების მისამართით. ის, რასაც ჩვენ ახლა სოციალურ ქსელებში და მედიაში ვხედავთ, ეს არის პანიკა, რომელსაც აშკარად აქვს რასისტული შინაარსი და კონტექსტი. ცხადია, რომ მსგავსი ვირუსის გავრცელება, ადამიანებში მძიმე განცდებს იწვევს და პანიკა შესაძლოა, გასაგებიც იყოს, მაგრამ ამ შიშების კონკრეტულ რასასთან და ეთნიკურ ჯგუფთან დაკავშირება, მათი იზოლაციის და ქვეყნიდან გაყრის რიტორიკა, ეს არის თანაგანცდის სრული უგულვებელყოფა. ჩვენ თითქოს გავასაგნეთ ეს ადამიანები, როგორც რისკის შემომტანები“.

გოჩა გაბოძისთვის, რომელიც აივ დადებით პირთა სათემო ორგანიზაცია „ბროწეულის“ ხელმძღვანელია, ჩინეთის მოქალაქეების მიმართ გამოვლენილი დისკრიმინაცია და ფობია ნაცნობი გრძნობაა. მისი თქმით, დღეს მსოფლიო მასშტაბით ატეხილი აგრესიული აჟიოტაჟი ძალიან ჰგავს გასული საუკუნის 80-იან წლებში აივ-დადებითი პირების მიმართ გამოვლენილ აგრესიასა და სტიგმას, რომელიც დღემდე ღრმად არის ფესვგადგმული საზოგადოების ნაწილში:

„მაშინაც, აგრესიის ერთ-ერთი წყაროდ, მედია იქცა. დღეს ეს გზა მეორდება ეთნიკური ნიშნით. ადამიანებს უწევთ საკუთარი იდენტობის დამალვა, იზოლირება. არიან აგრესიის ობიექტები. 80-იან წლებში, როდესაც, ერთ-ერთ რაიონში ადამიანი შიდსით გარდაიცვალა, მისი სახლი გადაწვეს. დღესაც არავინაა დაზღვეული მსგავსი ვანდალური ფაქტებისგან. ყველა ერთად ვადევნებთ თვალს, თუ რამხელა აგრესია ტრიალებს ჩინეთის მოქალაქეების მიმართ სოციალურ ქსელებში. სწორედ ამიტომ, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის ექსპერტების მიერ საზოგადოებაში გავრცელდეს სწორი მესიჯები, მოხდეს მოსახლეობის სწორი ინფორმირება სამედიცინო კუთხით, თუ როგორ დავიცვათ უსაფრთხოების ზომები“.

კორონავირუსის გავრცელების შიშთან ერთად, დისკრიმინაციისა და სტიგმის ნიშნებზე ილაპარაკა, 31 იანვარს გამართულ ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემაც:

„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კომიტეტის წარმომადგენელმა, დედამიწის მოსახლეობისადმი მიმართვის დროს, სპეციალურად გაუსვა ხაზი, რომ სტიგმა და დისკრიმინაცია არ არის მისაღები, რომლის ნიშნებიც, სამწუხაროდ, ვხედავ, რომ საქართველოშიც გაჩნდა ბოლო დღეების განმავლობაში. ძალიან გთხოვთ, ყველამ გაითვალისწინოთ ის, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეწუხებულია იმ სტიგმით და დისკრიმინაციით, რაც შეიძლება მოჰყვეს ამ დაავადების შიშების გაჩენას სხვადასხვა ქვეყანაში".

ერთ-ერთი ყველაზე ხმამაღალი განცხადება, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ჩინეთის მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციის ნიშნებს, საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ეკუთვნის. ვიდეო-მიმართვაში, რომელიც მან 30 იანვარს, სოციალური ქსელით გაავრცელა, ამბობს, რომ „ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს. ეს განცხადება მან საქართველოში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გაავრცელა:

დისკრიმინაციული და რასისტული შინაარსის მქონე პოსტების პარალელურად, სოციალურ ქსელში ვრცელდება ჩინეთში მცხოვრები ქართველების მიერ ჩაწერილი ვიდეო, რომლებიც სოლიდარობასა და თანაგრძნობას უცხადებენ ჩინეთს:

ბოლო მონაცემები კორონავირუსის გავრცელების შესახებ - მსოფლიო და საქართველო

31 იანვრის მონაცემებით, მსოფლიოში ინფიცირებულია 9000-ზე მეტი მოქალაქე. 213-მდე გაიზარდა პნევმონიის გამომწვევი კორონავირუსით (2019-nCoV) გარდაცვლილთა რიცხვი. კორონოვირუსი გამოვლენილია მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ საერთაშორისო მასშტაბის საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოცხადება ნიშნავს, რომ ე.წ. განგაშის თამასა, რომელიც 10 დღის წინ მხოლოდ ჩინეთისთვის იყო გამოცხადებული, დღეს მთელ მსოფლიოზე გავრცელდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯერჯერობით ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს: „თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ სრულ მზადყოფნაში და ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ინფექციის იმპორტი“, - აცხადებს ის.

რაც შეეხება ახალი კოროვანირუსის ტესტირების საშუალებას, ამირან გამყრელიძის სიტყვებით, ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა გერმანიასთან, ინგლისთან, აშშ-სა და ჩინეთთან და ის იმედოვნებს, რომ მომავალი კვირის სამშაბათს ამ ოთხშაბათს საქართველოს ახალი კორონავირუსის გამოსავლენი ტესტები ექნება.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრში 31 იანვრის მონაცემებით, ვირუსის ნიშნებით 4 პაციენტი მკურნალობს. მათგან ორს არ აქვს კორონავირუსი, ორი პაციენტის ანალიზის პასუხი ორ დღეში გახდება ცნობილი.

ახალი სახეობის კორონავირუსი 2019-nCoV დეკემბრის ბოლოდან გავრცელდა ჩინეთის ჰუბეის პროვინციის ქალაქ უჰანიდან, სადაც 11 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. უჰანში ინფიცირების პირველ შემთხვევებს კავშირი ჰქონდა ზღვის პროდუქტების საბითუმო ბაზართან. ჩინეთის ხელისუფლებამ უჰანსა და პროვინციის სხვა ქალაქებში კარანტინი გამოაცხადა.

 

რადიო „თავისუფლება“

 

თეგები:
რასიზმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up