„მაქსიმალურად, ბოლო წვეთამდე უნდა ეცადოს ახალი ხელისუფლება, რომ ლოქდაუნი არ გამოაცხადოს ქვეყანაში იმიტომ, რომ ვერ გაუძლებს ქვეყანა. მოგვიწევს ვისესხოთ ფული და ისეთი ძვირი დაგვიჯდება მორიგი ლოქდაუნი, ამის წარმოდგენაც არ მინდა,“ - ამის შესახებ „კომერსანტთან“ East Gate Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა, ბიზნესმენმა ირაკლი იაშვილმა ისაუბრა.
არჩევნების შემდეგ მმართველი გუნდის მთავარ გამოწვევას ისევ COVID 19-თან ბრძოლა წარმოადგენს. „კომერსანტი“ დაინტერესდა რა ძირითადი ეკონომიკური ნაბიჯები უნდა გადადგას არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა მმართველმა გუნდმა, იმისთვის რომ პანდემიის ფონზე ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყოს ხელი. რას მოელის ბიზნესი არჩევნების შემდეგ და რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას საქართველოს მოქალაქე და ბიზნეს სექტორი? ბიზნესმენი ირაკლი იაშვილი მიიჩნევს რომ ახალ ხელისუფლებას სერიოზული სოციალური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს საკუთარ თავზე.
„პანდემიის პირველმა ეტაპმა ემპირიული გამოცდილება მოგვიტანა, დავინახეთ რა შეიძლება მოხდეს. ახლა რა ფაზაშიც ჩვენ ვიმყოფებით სავარაუდოდ კიდევ უფრო დამძიმდება 2-3 თვეში. კარგია ის, რომ აღარ არის სრული ლოქდაუნის საჭიროება, შემთხვევების ასეთ მასშტაბში ლოქდაუნის არ გამოცხადება არის კარგი ამბავი. აქტიური ეკონომიკა, რაც არ უნდა დასუსტებული იყოს, ასე თუ ისე რაღაცას აკეთებს.
მეორე, როგორც ჩანს ყველაზე ცუდი, რაც მოყვება ამ ყველაფერს არის ის, რომ იკარგება ბევრი სამუშაო ადგილი. სერიოზული სოციალური ვალდებულებები დაეკისრება ახალ ხელისუფლებას. მაგალითისთვის, ჩვენთან დასაქმებულ ადამიანებს აქვთ ჯანმრთელობის დაცვის პაკეტები, თუ ჩვენ მოგვიწევს დასაქმებულთან დამშვიდობება, ის დაკარგავს ამ ჯანდაცვის პაკეტსაც და გადავა სახელმწიფო კმაყოფაზე. წარმოგიდგენიათ, რამხელა ზეწოლაა ეს ჯანდაცვისთვის. სახელმწიფო ხარჯები გაიზრდება სერიოზულად. ამ ადამიანებზე ზრუნვა, ვინც სამსახური დაკარგა ეს უნდა იყოს მთავარი პრიორიტეტი,“- განმარტავს ირაკლი იაშვილი.
მარიამ მორგოშია