იტალიის მთავრობამ კორონავირუსის გამო ვენეციის ცნობილი კარნავალის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, კარნავალი გახსნის დღეს, 23 თებერვალს საღამოს დასრულდება, თავდაპირველი გეგმით კი, ღონისძიება 25 თებერვლამდე უნდა გაგრძელებულიყო. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც იტალიაში ვირუსით დაავადებულთა რაოდენობამ 132-ს მიაღწია, გარდაცვლილია 2 ადამიანი.
პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ ქვეყნის ჩრდილოეთში, ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში კარანტინი გამოაცხადა. ხელისუფლებამ 50 000-მდე ადამიანს სახლებში დარჩენისკენ მოუწოდა, ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების შესრულებას პოლიცია და სამხედროები გააკონტროლებენ.
ლომბარდიისა და ვენეტოს რეგიონებში გაუქმდა სასწავლო პროცესი, გადაიდო ყველა სპორტული ღონისძიება, მათ შორის ფეხბურთში იტალიის ჩემპიონატის სამი მატჩი.
იტალიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ჩინეთის საზღვრებს გარეთ, 30 სახელმწიფოში უკვე კორონავირუსით დაინფიცირების 1 500-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, დაღუპულთა რაოდენობამ კი 19-ს მიაღწია.
imedinews