„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტო კრწანისის ტყეპარკის განახლებასა და აღდგენაზე მუშაობს. მიმდინარეობს არსებული უნიკალური ფლორისა და ფაუნის შენარჩუნება და წითელი ნუსხის სახეობის მცენარეების გაშენება. სააგენტო ტყეპარკში, მტკვრის ჭალის ინფრასტრუქტურისა და მწვანე საფარის აღდგენის ღონისძიებებს ახორციელებს.
ხეების უკანონო ჭრისა და ბრაკონიერობისაგან პარკის დაცვის მიზნით, კრწანისის ტყეპარკის ტერიტორიის 150 ჰა შემოიღობა.
ტყეპარკში 100 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მშენებლობა დასრულდა, რომელიც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF, პროგრამა მტკვარი 2, UNDP) მიერაა დაფინანსებული. გამომუშავებული ელექტრო ენერგია განსაზღვრულია სარწყავი წყლის სატუმბი სადგურის, ჭალის ტყის საირიგაციო სისტემების, არსებული 11 სათევზაო ტბორის წყალშევსებისა და საკუთრივ ტყეპარკის გზებისა და ბილიკების განათებისათვის.
ტყეპარკში, მდინარე მტკვარზე, ველური ბუნების სააგენტოს მიერ დაპროექტებული სარწყავი წყლის სატუმბი სადგური უახლოეს მომავალში განთავსდება. ასევე, კრწანისის ტყეპარკში მიმდინარეობს ვეური ბუნების სააგენტოს სათაო ოფისის მშნებლობა, რომელიც 2021 წლის გაზაფხულამდე დასრულდება. ველური ბუნების სააგენტოს მიერ კრწანისის ტყეპარკის შესასვლელში ავტოსადგომი მოეწყო და დაცვის სამსახური განთავსდა.
ველური ბუნების სააგენტოს მიერ მასშტაბური სამუშაოების განხორციელების შედეგად, პარკი თავის უმნიშვნელოვანეს ფუნქციას დაიბრუნებს. ტყეპარკი წარმოადგენს მტკვრის ჭალის ბუნებრივ ეკოსისტემას და იგი რეკრეაციული სივრცეა თბილისსა და რუსთავს შორის, სადაც გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფეხით, ველოსიპედით ან მინი ელექტროავტომობილით. ტყეპარკში დაგეგმილია „მწვანე საბჭოს” საკონფერენციო დარბაზისა და წითელი ნუსხის სახეობების დენდრო პარკის გაშენება“– განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა სამინისტროს 2020 წლის ანგარიშის წარდგენისას.