ველოსიპედების პირველი ქართული ბრენდის Ridex Bikes-ის გეგმები ლარის კურსის ცვლილებამ და ველოსიპედზე გლობალურად გაზრდილმა მოთხოვნამ შეაფერხა. ქართული ველოსიპედები ფოთის საწარმოში ეწყობა, სადაც 14 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად ველოდიპედის ნაწილების ღირებულება იმდენად გაძვირებულია, რომ ორბორბლიანი ტრანსპორტის ფასი საქართველოში 60 პროცენტით გაიზარდა.
„უახლოესი თვენახევარი არაფერს ახალს არ ვგეგმავთ ვაპირებთ რადგან პროდუქციას ველოდებით, ახალი სახეობებიც არ დაგვიმატებია. ნაწილები ძირითადად ტაივანიდან ჩამოგვაქვს. დაპაუზების პირველი ფაქტორია ის, რომ ლარის კურსი შეიცვალა, შემდეგ ის, რომ პანდემიამ გაწელა წარმოების ვადები და მესამე ფაქტორია ზოგადად ველოსიპედზე და მის ნაწილებზე მოთხოვნის ზრდა მსოფლიოში .
საქართველოში უკვე 55-60 პროცენტით გაზრდილია ველოსიპედის ფასები. ველოსიპედის ფასზე ლარის ამბავიც ცალკე აისახება და ნაწილების გაძვირებაც.
ახლა რაც ასაწყობი გვაქვს უნდა ავაწყოთ და შევხედავთ გაყიდვები როგორ იქნება თუმცა პოზიტიურად ვერ ვუყურებთ ამ საკითხს,“ - განმარტავს Ridex Bikes-ის დამფუძნებელი შალვა ბაბილუა.
დაახლოებით 2 წლის წინ, ველოსიპედების პირველი ქართული ბრენდის შექმნის მიზეზი იყო ის, რომ ქართულ ბაზარზე ამ მხრივ თავისუფალი სივრცე არსებობდა და როგორც Ridex Bikes_ში აცხადებდნენ, ბაზარზე იყო იმის საჭიროება, რომ ქართული ნაწილები და ქართული სერვის ცენტრი ქვეყანაში ხელმისაწვდომი ყოფილიყო.
ბიზნესის საინვესტიციო მოცულობამ 250 000 ლარი შეადგინა.
ველოსიპედის ფასი აქამდე დაახლოებით 400-დან 600 ლარამდე მერყეობდა.
Ridex Bikes-მა უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისგანაც 20 ველოსიპედის შეკვეთა მიიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართველი და უცხოელი სტუდენტები სწორედ ქართული ველოსიპედით იმოძრავებენ.