კახეთში, სოფელ ველისციხის 28 მილიონიანი რეაბილიტაციის პროექტი დასრულებულია და ამჟამად ექსპერტიზის ეტაპზეა. როგორც საპროექტო კომპანია „ამხანაგობა 21“ -ის ხელმძღვანელმა გია აბულაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, პროექტის განხორციელებაზე ტენდერი მიმდინარე წლის ბოლოს გამოცხადდება.
პროექტის დამკვეთი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელსაც აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს. შესაბამისად, პროექტი ექსპერტიზას აზიის განვითარების ბანკში გაივლის.
ველისციხეში იგეგმება საზოგადოებრივი პარკის, თეატრის შენობისა და დაახლოებით 55 სახლის რეაბილიტაცია, რომელიც ერთი საფეხმავლო ქუჩის გარშემოა. როგორც გია აბულაძე აცხადებს, სოფელს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რასაც მისი ისტორია და უძველესი და უნიკალური მარნებისა და არქიტექტურული ნიმუშების სიმრავლე მოწმობს.
„პროექტი თვენახევრის წინ ჩავაბარეთ და ველოდებით განხილვას. პროექტის დამკვეთი მუნიციპალური განვითარების ფონდია, რომელიც მიმდინარე წლის ბოლოს ან მომავალი წლის გაზაფხულზე გამოაცხადებს ტენდერს. თეატრი ველისციხეში კარგადაა შენახული, ჩვენ უბრალოდ სარდაფი ვაქციეთ მრავალფუნქციურ ზონად, სადაც განთავსდება კაფეები და სხვადასხვა ობიექტები. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტში აქცენტი გავაკეთეთ მარნებზე, რადგან დიდი დატვირთვა აქვს ამ სოფელს მეღვინეობის კუთხით, გარდა ამისა სოფელში არის უნიკალური სარდაფები და მარნები, რომლის მსგავსიც საქართველოში ძალიან ცოტაა. “ - აღნიშნა გია აბულაძემ.
ველისცხეში სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება ჯერ კიდევ 2018 წლის შემოდგომაზე დაანონსდა. პროექტის ფარგლებში, ველისციხე ძველ არქიტექტურულ მიმზიდველობას დაიბრუნებს და როგორც მის გენგეგმაშია გაწერილი შეიქმნება ცენტრი მიწისქვეშა გვირაბებითა და კაფე-ბარებით, მარნებითა და მეღვინეობის ცენტრით.
შეგახსენებთ, რომ ველისციხის ცენტრის განვითარების პროექტი ითვალისწინებს 55-მდე სახლის რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციას, საფეხმავლო ქუჩების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ველისციხის თეატრის, მოედნის და პარკის რეაბილიტაციას.
მარიამ მორგოშია