„თუ ამბობენ, რომ ექსპორტი გაიზარდაო, მაშინ თქვან, რის ხარჯზე გაიზარდა და რა წყაროებით იყო ექსპორტის ზრდა გამოწვეული. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შემცირდა, მაგრამ ის შემცირდა იმპორტის შემცირების შედეგად. შემცირდა მოხმარებაც, ანუ ადამიანების ცხოვრების დონემ დაიწია, ხალხი ვეღარ ყიდულობს იმ ყოველდღიურ პროდუქციას, რასაც ყიდულობდა, სწორედ ამან გამოიწვია იმპორტის შემცირება. თქმა ერთია და დასტური მეორე. მე არ მგონია ჩვენთან არსებობდეს ის წინაპირობები, რომელიც ექსპორტს გაზრდის. თუ რაღაც ფარულია, რომელსაც ვერავინ ხედავს, მაშინ თქვან, რომ ამის შედეგად მოხდა ექსპორტის გაზრდა და ნუ ურევს ექსპორტის გაზრდას უარყოფით სავაჭრო ბალანსის შემცირებაში.“ - ასე აფასებს ეკონომისტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ახალი სამთავრობო გუნდის ეკონომიკურ ხედვას.
საერთო ჯამში ექსპერტი სახელმწიფო ეკონომიკური გუნდის მუშაობის ტემპებს აკრიტიებს და ამბობს, რომ ქვეყანა გაკოტრების წინაშეა. ამის დასტური ეკონომუკური გუნდის ხედვებიც:
„ფუნდამენტური ხედვა, არსებული ეკონომიკური პრიორიტეტების სტრატეგია, სამთავრობო პროგრამაში არ იყო ნათქვამი. იყო ამოგლეჯილი ფრაზები პროგრამებიდან და ისიც, როგორ იმუშავებს ცალკე საკითხია. ჯერჯერობით ვუსმენ მხოლოდ ზოგად ფრაზებს. ზოგადი ფრაზები არაფერს ნიშნავს, ვითომ კონცეფცია და სტრატეგია არაფრის მთქმელია, თუ არ არის გამაგრებული კონკრეტული ეკონომიკური რეფორმებით. უნდა განვახორციელოთ რეფორმები სასწრაფოდ, ყველა დარგში — დაწყებული საბიუჯეტო ხარჯებიდან, დამთავრებული საინვესტიციო გარემოთი.
პოზიტიურია საგრანტო პროგრამა, თუმცა პრაქტიკამ უკვე აჩვენა, რომ ასეთი დისტანციური მეთოდები, რომლებიც თანხებში აისახება, არ ამართლებს. ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით სისტემური მექანიზმები უნდა ჩაინერგოს. ეს ყველაფერი კარდინალური და ფუნდამენტური ეკონომიკური რეფორმების პირობებშია შესაძლებელი. რეგიონების განვითარებას სჭირდება საინვესტიციო გარემოს შექმნა. პირველ რიგში, საინვესტიციო პროექტების შემუშავება, მეორე - მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შექმნა, საპროექტო თუ რეგიონალური ობლიგაციების, ევრო ობლიგაციების შემუშავება, მაგრამ ამ ყველაფრის განსახორციელებლად წინაპირობები არ არის შექმნილი. რეალურად, არ იციან ინვესტიციები როგორ მოიზიდონ, რა ფორმით, რა პროექტებში და რა პრიორიტეტებით განსაზღვრონ.
იგივე ეხება საგარანტიო მექანიზმებსაც. ბანკებთან ურთიერთობის დროს ბიზნესს სახელმწიფო გარანტიის სახით უდგება. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მერე როგორ შეაფასებს დანარჩენ 30%-ს ბანკი? სესხით ეკონომიკა ჯერ არ განვითარებულა. საკრედიტო რესურსი ეკონომიკის რეალური სექტორისთვის მხოლოდ დამხმარეა. მისთვის მთავარია გრძელვადიანი საინვესტიციო რესურსი, რომელიც მხოლოდ საინვესტიციო გარემოს შექმნის პირობებში შეიძლება წარმოიქმნას. არ არსებობს სტიმულირების მექანიზმი, რომ კაპიტალის ბაზარი განვითარდეს. მისი მეშვეობით იქნება უცხოური ინვესტიციები მოზიდული. ამიტომ, ასეთი ცალმხრივი მიდგომა, რა საკვირველია, საქმეს არ უშველის. ქვეყანა გაკოტრების წინაშეა და აუცილებელია კვალიფიციური ეკონომიკური რეფორმების შემუშავება,“ - აღნიშნა ეკონომისტმა.
ხომიზუაშვილი არც ინდოეთთან და დიდ ბრიტანეთთან თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების ამოქმედებას არ მიესალმება, რადგან ამ შემთხვევაშიც საქართველო დაზარალდება, ხოლო სარგებელს სხვა ქვეყანები მიიღებენ:
„ვაჭრობის თავისუფალი ხელშეკრულებით ჩინეთთან ძალიან წავაგეთ და კიდევ წავაგებთ. ყოველთვის მოგებაშია ის ქვეყანა, რომელსაც საექსპორტო საქონელი უფრო მეტი აქვს, ვიდრე საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი. თავის მხრივ, ჩინური და ინდური იაფფასიანი პროდუქციის საქართველოში შემოსვლა ჩანასახშივე კლავს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების პერსპექტივას. არსებული საგადასახადო რეჟიმის პირობებში ჩვენი პროდუქცია კონკურენციას ვერ უწევს
აქედან გამომდინარე, თუ ანალიზსს ჩავატარებთ ვნახავთ, რომ თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით, მეტ ზიანს მივაყენებთ ეკონომიკას. გამოდის, რომ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის უარყოფით სავაჭრო ბალანსზე მხოლოდ საზიანოა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით. მანამ სანამ ამ ყველაფერს დაანონსებენ, ეკონომიკა ისწავლონ და რეალურად ჩაიხედონ ეკონომიკურ პროცესებში, ასეთი მიდგომებით გააკოტრებენ ჩვენ ქვეყანას.“ - ამბობს ხომეზურაშვილი.
სალომე ლემონჯავა