„ქვეყანაში ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრები არ იძლევა ლარის ასე გაუფასურების საფუძველს,“-ასე აფასებს კაპიტალი ბაზრის ექსპერტი ვახტანგ ხომიზურაშვილი ბოლო ორ დღეში ლარის გაუფასურების ტენდენციას. როგორც ექსპერტი „კომერსანტთან“ განმარტავს, გასათვალისწინებელია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება შეინიშნება, მაგრამ რეალურად კურსის ასეთი ნახტომები არ არის რელევანტური ეკონომიკურ პარამეტრებთან მიმართებაში.
მისი თქმით, რა წესებიც კურსის ფორმირებაში Bloomberg-ის სისტემაში გამოიყენება და ის კურსი, რაც ამის შედეგად დგება, რეალურად არ ასახავს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას. როგორც ხომიზურაშვილი აცხადებს, ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს - მათ შორისაა ის, რომ სისტემაში ცოტა საფინანსო ინსტიტუტები მონაწილეობენ, საუბარია, 2-3 ძირითად ბანკზე. Bloomberg-ის სისტემაში კი დღეს ბანკები კლიენტურის დავალებებს არ ასრულებენ.
„ადრე კლიენტი ავალებდა ბანკს, რომ მისთვის ვალუტის გარკვეული რაოდენობა შეეძინა. მაშინ გამოყენებული იყო, კურსის ფორმირების წესი და მას ერქვა ფრანკფურტის ბირჟის წესი, ანუ ფრანკფურტის ფიქსინგი. ეს იყო რეკომენდირებული როგორც სავალუტო ფონდის მხრიდან, ასევე ლონდონის ცენტრალური ბანკის და ფრანკფურტის ბირჟის მხრიდან. ეს რეკომენდაციები საკმაოდ კვალიფიციური იყო და მაშინ ამან ძალიან კარგად იმუშავა.
დღეს ბანკები პირდაპირ ყიდულობენ თავისთვის ვალუტას და უკვე შემდეგ აკეთებენ კლიენტურაზე გადაყიდვას. ანუ დღეს კლიენტურის დავალებები პირდაპირ ვალუტის შეძენის თვალსაზრისით ვეღარ სრულდება. კლიენტმა არ იცის და ბანკი არც ეუბნება რა კურსით ყიდულობს ის ვალუტას Bloomberg-ზე. აქედან გამომდინარე, კლიენტურის სეგმენტი გამოეთიშა და ის მოცულობები, რაც სავაჭრო სისტემაში უნდა ყოფილიყო, არ არის. შესაბამისად, დღეს რამდენიმე ბანკმა შეიძლება დადოს პატარა მოცულობების გარიგება, რაც თავისთავად არ ასახავს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას. კურსი კი ამის შედეგად დგება,“-აცხადებს ხომიზურაშვილი.
მისივე განმარტებით, ბანკები შესაძლოა სპეკულაციურ ოპერაციებსაც მიმართავენ, რაც კურსის ცვალებადობაში გამოიხატება.
ხომიზურაშვილის განმარტებით, პრობლემაა ისიც, რომ სავალუტო გარიგებები, რომელიც Bloombrg-ის სისტემაში რეგისტრირდება,მარეგულირებლის მხრიდან მისი მონიტორინგი და კონტროლი არ ხდება.
„რეალურად, შეიძლება ორმა ბანკმა დაარეგისტრიროს გარიგება პირობითად, 1 მილიონ დოლარზე და არ შეასრულოს. ეს იმოქმედებს კურსზე და ამის შემმოწმებელი არ არსებობს. რეალურად, კურსზე ზემოქმედების რამოდენიმე საშუალება აქვს ბანკებს. ამას ემატება გაუმჭირვალე სისტემა და უკვე ჩნდება ნეგატიური მოლოდინები. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ბიზნეს სექტორში, ყველას ვისაც ვალუტა სჭირდება თუ არა, რეზერვებს ქმნის. ლართან მიმართებაში უნდობლობის მომენტი ქმნის ამ ყველაფერს,“-აცხადებს ხომიზურაშვილი.
მისივე განმარტებით, ეროვნულმა ბანკმა უნდა გადახედოს კურსის ფორმირების მექანიზმს და დააწესოს ის წესები, რომელიც გამოყენებული იყო ფრანკფურტის ფიქსინგის დროს ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე.
„ჩვენ გადმოვიღეთ ლონდონის სქემა, მაგრამ იქ უამრავი მონაწილე და უამრავი ტრანზაქციაა. შესაბამისად, ამ მოდელის საქართველოში გადმოტანა შეუძლებელია,“-განმარტავს ხომიზურაშვილი.
ექსპერტი აცხადებს, რომ დღეს ლარის კურსს ქვეყანაში ორი-სამი მსხვილი ბანკი განსზღვრავს, ამას ემატება ის, რომ ეროვნული ბანკი არ ახდენს ორმაგ ინტერვენციებს სავალუტო ბაზარზე. ანუ, ცალმხრივად მონაწილეობს, მხოლოდ და მხოლოდ დოლარის შესყიდვის თვალსაზრისით.
ხომიზურაშვილის განმარტებით, ლარის კურსის ასეთი ცვალებადობით კომერციული ბანკები ხეირობენ.
„ეს მათი მხრიდან ნორმალური მოვლენაა. ბანკი არის კომერციული სტურუქრა და როდესაც ის ხედავს შესაძლებლობას, რომ საკონვერსიო ოპერაციებიდან დამატებითი მოგება მიიღოს, ასე აკეთებს, ეს მისი მხრიდან ნორმალურია. მთავარია ის, რომ მარეგულირებელმა მაქსიმალურად შეზღუდოს სპეკულაციური ოპერაციების შესაძლებლობა,“-აცხადებს ხომიზურაშვილი.
კითხვაზე, მაშინ რატომ არ აქცევს ეროვნული ბანკი ამ მომენტს ყურადღებას, ხომიზურაშვილი განმარატვს, რომ სავარაუდოდ, ეროვნული ბანკი გამოდის კომერციული ბანკების პროვაიდერის როლში.
„ეროვნული ბანკი როდესაც ამბობს, რომ თარგეთირებას აკეთებს და მხოლოდ და მხოლოდ ინფლაციას, ფასებს აკვირდება, შესაბამისად, საერთოდ არ აინტერსებს ფულის მასის რეგულირება და სავალუტო პოლიტიკის გატერება, რაც სწორი არ არის. გამოცალკევება არ შეიძლება, ეს არის ერთიანი რეგულირების სისტემა, სადაც ეროვნული ბანკი უნდა მონაწილეობდეს. ის რომ არ ეხება, არის სირაქლემას პოზიცია, რაშიც ახლა ეროვნული ბანკი იმყოფება. დღეს აბსოლუტურად არაპროდუქტიულია მისი როგორც ფულად-საკრედიტო, ისე სავალუტო პოლიტიკა,“-აცხადებს ხომიზურაშვილი.
Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 13:00საათზე ერთი დოლარი 2,7900 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გუშინ დადგენილი კურსით, დღეს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7664 ლარია. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.0995 ლარია.
ეროვნული ბანკი ახალ კურსს დღეს 17:00 საათზე გამოაქვეყნებს.
სოფო ქსოვრელი