„გირჩი“ პარლამენტშია და ეს სენსაციაა, – ასე ეხმაურება „გირჩის“ წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს.
როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის შეკრების დაწყებამდე ჟურნალისტებს მეგრელიშვილმა განუცხადა, „გირჩი“ ახლა ოპოზიციონერი კოლეგების აზრის მოსმენას ელოდება არჩევნებთან დაკავშირებით.
„მოვედი იმისთვის, რომ გავერკვიო გუშინდელი ღამის სიტუაციაში, რადგან ჩვენ ვართ ერთადერთი პარტია ამ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს პარტიული სტრუქტურა ტრადიციული. გუშინდელ არჩევნებზე, დაახლოებით უბნების 10 პროცენტზე გვყავდა დამკვირვებლები, გვეხმარებოდნენ ჩვენი მეგობრები. ჩვენ მოვედით დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში, რათა მოვუსმინოთ ჩვენს კოლეგებს, ოპოზიციურ ერთობას, რა ინფორმაცია აქვს იმ დარღვევებზე, რაც გუშინ მოხდა. ამის შემდეგ უკეთ გვეცოდინება რაზე უნდა გვქონდეს პრეტენზია და რა მოვითხოვოთ. ჩვენ შემთხვევაში რომ ხმები დაიკარგებოდა, ზუსტად ვიცოდით, რეგიონებში არა გვყოლია დამკვირვებლები და ვიცოდით, რომ ხმებს დავკარგავდით, თუმცა მასშტაბზე წარმოდგენა არ გვქონდა. „გირჩი“ პარლამენტშია და ეს სენსაციაა. რაც შეეხება ხმების დაკარგავს, არ ვიცით, რამდენი დავკარგეთ, ამიტომ ველოდებით ინფორმაციას. დარწმუნებულები ვართ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებიც იგივეს ელოდებიან, რომ საკუთარი შეფასებები გააკეთონ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
რაც შეეხება აქციას, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაანონსა, როგორც ვახტანგ მეგრელიშვილი აცხადებს, შეუერთდება თუ არა „გირჩი“ აღნიშნულ აქციას, დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.
„ვფიქრობ რომ, როდესაც ოპოზიციამ ეს აქცია დაანონსა, სულ სხვა მონაცემები ჰქონდა გამოქვეყნებული ცესკო-ს, იმის მერე 7 პროცენტით დაიწია „ოცნების“ მონაცემებმა. ფაქტობრივად, რაღაც პროცესის მონაწილეები ვართ, წარმოდგენა არ მაქვს დღეს რომ მოვლენ თავიანთი ინფორმაციით რას დადებენ მაგიდაზე. ამის მერე გადავწყვეტთ რას ვიზამთ“, – განაცხადა მეგრელიშვილმა.
წყარო: 1TV