სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში 2018 წელს შემოსული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI) რიცხვი 1 232,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 34,9%-იანი კლებაა. ეს საკითხი რადიო კომერსანტთან თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორმა, ვახტანგ ჭარაიამ შეაფასა. მისი თქმით, ინვესტორებისთვის საქართველოში არსებული გარემო დამაკმაყოფილებელია, ხედავენ ისინი პოტენციალს და შესაბამისად, საკუთარ მოგებას ისევ საქართველოს ეკონომიკაში აბანდებენ.
ბოლო რამდენიმე წელიწადთან შედარებით უცხოურმა ინვესტიციებმა დაიკლო, ამის ობიექტური მიზეზები არსებობს, მათ შორის არის ცენტრალური მილსადენის პროექტი, რომელიც დამთავრდა და შესაბამისად, ის სტაბილური ინვესტიცია, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდებოდა შეწყდა. მეორე მხრივ, გარკვეული უცხოური კომპანიები გახდნენ საქართველოს რეზიდენტები და ისინი უცხოურ კომპანიებად აღარ ითვლებიან და ამანაც გარკვეულწილად გამოიწვია საერთო ჯამში უცხოური ინვესტიციების მაჩვენებლის შემცირება.
ასევე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საერთო ჯამში ინვესტიციებმა მილიარდ ორას მილიონს გადააჭარბა, ეს ნამდვილად არ არის ხელწამოსაკრავი თანხა, უბრალოდ მივეჩვიეთ წინა წლებში მაღალ მაჩვენებელს, თუმცა იმისთვის,რომ სწრაფი პროგრესი განვიცადოთ ეს თანხა საკმარისი არ არის.
რაც შეეხება, მომავლის პროგნოზსს, არ მაქვს იმის მოლოდინი რომ ნაკლები ინვესტიციები იქნება. წელს ინვესტიციების 45% შემოივიდა რეინვესტიციის სახით, ეს ნიშნავს, რომ უცხოურმა კომპანიებმა,რომლებიც უკვე არსებობდნენ საქართველოში, გადაწყვიტეს რომ თავიანთი წარმოება უფრო გააფართოონ. ეს გვაძლევს იმის თქმის საშუალებას,რომ ინვესტორები საქართველოთი არ არიან უკმაყოფილო, ხედავენ მის პოტენციალს და შესაბამისად, საკუთარ მოგებას ისევ საქართველოს ეკონომიკაში აბანდებენ. თუ სტატისტიკას გადავხედავთ, ვნახავთ რომ საქართველო, ინვესტიციებისა და რეინვესტიციების ჭრილში, ერთ-ერთი გამორჩეულია მსოფლიოში.
ინვესტორები ენდობიან საქართველოს, რაც ახალი ინვესტიციების საწინდარია. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, თუ რაიმე გარე ფაქტორს ან პოლიტიკურ დაძაბულობას არ ექნება ადგილი, დარმწუნებული ვარ, საქართველო კიდევ უფრო უკეთეს პოზიციებს დაიკავებს ინვესტიციების ჭრილში,- ამბობს ვახტანგ ჭარაია.
კომერსანტი