„ფრესკოს დამფუძნებელი, ვასილ სოფრომაძე მერიის იმ გადაწყვეტილებას აქვეყნებს, რომელიც მის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას დოკუმენტურად ამყარებს. გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „ვინაიდან მომიჯნავე ს/კ N01.13.05.015.008 მიწის ნაკვეთი წარმოადგენს შეუსაბამო მიწის ნაკვეთს, საპროექტო ტერიტორიის კონფიგურაციაში რეკომენდირებულია მოაზრებულ იქნას ს/კ N01.13.05.015.008 მიწის ნაკვეთიც და მოხდეს მისი ერთიანი გაერთიანება“.
როგორც ცნობილია, „ფრესკოს დამფუძნებელმა, ვასილ სოფრომაძემ ორი დღის წინ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ მან მერიისგან წერილი მიიღო, დიდუბეში, წერეთლის გამზირზე კონკრეტული ტერიტორია შეისყიდოს, რომელიც მერიის მაღალჩინოსნის ნათესავის საკუთრებაა. სოფრომაძის თქმით, ამ ტერიტორიას მას სუპერმარკეტის ასაშენებლად სთავაზობენ.
იმ დღესვე სოფრომაძეს თბილისის ვიცე-მერი, ირაკლი ხმალაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ის „ფრესკოს დამფუძნებელს, ვასილ სოფრომაძეს საკუთარი განცხადებების უნდა რცხვენოდეს. როგორც ხმალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სოფრომაძე თავისი თანამშრომლების მიერ შეცდომაშია შეყვანილი და მას მერიის მხრიდან კონკრეტული ტერიტორიის შესყიდვაზე რეკომენდაცია არ გაგზავნია.
ხმალაძემ ასევე განმარტა, რომ ტერიტორიის ნაწილი, რაზეც სოფრომაძე საუბრობს, ნამდვილად მის სიმამრს ეკუთვის, თუმცა, მას დამატებით კიდევ რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს.
„სოფრომაძეს, მგონია, რომ უნდა რცხვენოდეს ასეთი განცხადების და ასეთი საქციელის. გუშინ ვერ გავაკეთე კომენტარი, რადგან დრო დამჭირდა რომ ბრალდების შინაარსი გამერკვია. არქიტექტურის სამსახური გასცემს რეკომენდაციას და მითითებებს. მითითება სავალდებულოა, რეკომენდაცია — არა. მისმა თანამშრომლებმა ბატონ ვასილს მიაწოდეს არასწორი ინფორმაცია და გაკეთდა არასწორი ვიდეომიმართვა. ამაში რომ დავრწმუნდეთ, ფრესკოს შეუძლია სხვა ხარვეზები გაასწოროს, რომელიც მის პროექტს აქვს, ეს რეკომენდაცია არ მიიღოს მხედველობაში და ჩააბაროს, აიღოს მშენებლობის ნებართვა და მერე მგონია, რომ სინანულის გრძნობა გაუჩნდება, თუმცა, არ მგონია, ადამიანობა ეყოს და ეს საჯაროდ გამოხატოს.
იქ არის მცირე ზომის ნაკვეთი და დგას ე.წ. ბარაკი, რომელიც არ ეკუთვნის ჩემს სიმამრს, რამდენიმე თანამესაკუთრე ჰყავს და მათ შორის ჩემი სიმამრიც, რომელიც იქ ცხოვრობს. ერთი თუ ორი ოთახი აქვს, ძალიან იშვიათად მივდივარ ხოლმე, საკმაოდ კარგად გრძნობს თავს და არსად წასვლას არ აპირებს. არავინ სოფრომაძეს ამ ფართის ყიდვას არ აიძულებს. მგონი, თვითონაც არ უთქვამს მას იძულება და კარგი იქნება თუ ბატონი ვასილი არ აყვება თავისი არაკომპეტენტური თანამშრომლების ბოდვებს,- განაცხადა ხმალაძემ.
სოფო ქსოვრელი