ზოგიერთ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესის დაბალი ტემპით მიმდინარეობა და მსოფლიოში ვაქცინებზე არათანაბარი წვდომა გლობალურ ეკონომიკას გიგანტური დანაკარგებით ემუქრება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ჟურნალ Economist-თან დაკავშირებული კვლევითი ინსტიტუტის Economist Intelligence Unit (EIU) ექსპერტები. მათი კვლევის შედეგები ოთხშაბათს, 25 აგვისტოს გამოქვეყნდე, წერს გერმანული გამოცემა DW.
ექსპერტების ანალიზი აჩვენებს, რომ ზემოხსენებული მიზეზების გამო მსოფლიო მასშტაბით ეკონომიკურმა დანაკარგებმა, შესაძლოა, $2,3 ტრლნ შეადგინოს და ეს 2022–2025 წლების პერიოდშია მოსალოდნელი. უპირველესად, ეს ტენდენცია განვითარებად ქვეყნებს შეეხება, განსაკუთრებით აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ქვეყნებს, სადაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ჯერ ვაქცინის პირველი დოზაც არ მიუღიათ.
პანდემიის შესაძლო სოციალურ–პოლიტიკური შედეგები
EIU–ს შეფასებით, მოსალოდნელი დანაკარგების ორი მესამედი განვითარებულ ქვეყნებზე მოვა, რის გამოც სამრეწველო კუთხით განვითარებულ ქვეყნებთან მათი დაახლოების პროცესი კიდევ უფრო შენელდება. არ არის გამორიცხული, ამ რეგიონებში გაიზარდოს მოსახლეობის უკმაყოფილება და სოციალური მღელვარებებიც დაიწყოს, მიიჩნევენ ექსპერტები.
კვლევის თანახმად, 2021 წლის აგვისტოსთვის მაღალშემოსავლიან ქვეყნებში სულ მცირე 1 დოზით აცრილთა წილი მოსახლეობის 60%–ს აღწევს. დაბალშემოსავლიან ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 1%–ს აღწევს.