კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების ჯამური მოცულობა ერთ წელიწადში ₾6.6 მლრდ-ით გაიზარდა და 2021 წლის 1-ლი იანვრისთვის ₾38.8 მლრდ-ს მიაღწია. დეპოზიტებისგან განსხვავებით, სადაც საერთო ლარიზაციის მაჩვენებელი 34 პროცენტია, სესხებში ის 45%-ს აღწევს. რისი მიზეზიც 200 000 ლარიანი ჩამკეტი ბარიერია, რომლის ქვემოთაც დოლარში და სხვა ნებისმიერ უცხოურ ვალუტაში სესხის გაცემა იკრძალება.
ერთი წლის განმავლობაში ლარსი გაცემული სესხების მოცულობა 2.9 მლრდ-ით, ₾17.3 მლრდ-მდე გაიზარდა, ხოლო უცხოურ ვალუტაში 3.7 მლრდ-ით ₾21.5 მლრდ-მდე.
საანგარიშო პერიოდში ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა 46%-ით 365 მლნ ლარიდან 533 მლნ ლარამდე გაიზარდა. თუ 1 წლის წინ პრობლემური სესხების მოცულობა პორტფელის 1.13%-ს შეადგენდა, დღეს ის უკვე 1.37%-ს უდრის. ზრდის მიუხედავად მდგომარეობა არ შეიძლება საგანგაშოდ მივიჩნიოთ. ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს გაცემული სესხების 2%-ის დარეზერვებას ავალდებულებს, რაც ვადაგადაცილების ამჟამინდელ მაჩვენებელზე 1.46-ჯერ მეტია.
გიორგი ელიზბარაშვილი