„უხერხულია, არც ისე ნორმალურია ეს ყველაფერი. ის ხომ პრეზიდენტი იყო“ - ამ განცხადებით გამოეხმაურა ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. განცხადება მან მინსკში, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან შეხვედრისას გააკეთა.
„უხერხულია, არც ისე ნორმალურია ეს ყველაფერი. ის ხომ პრეზიდენტი იყო. მაგრამ ამ სიტუაციაში არ ჩავერევით. რამდენადაც შესაძლებელია კარგი ურთიერთობა გვქონდა და გვაქვს თბილისთან. რატომ რეაგირებენ ასე უხეშად,“ - განაცხადა ლუკაშენკომ ბჟანიასთან შეხვედრაზე. ლუკაშენკოსა და ბჟანიას შეხვედრის დეტალები ბელარუსის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე ვრცელდება.
ლუკაშენკომ ხაზი გაუსვა, რომ ბელარუსს აფხაზეთი განსაკუთრებით ტურისტული თვალსაზრისით აინტერესებს, რადგან მის ხალხს აფხაზეთის სანაპიროების მონახულება სურს.
„ჩვენს ხალხს ზღვის მონახულება უნდა. მე თქვენს სანაპიროებზე ვიმყოფებოდი. ჩვენ სულ იქ დავდიოდით - სოხუმში, ბათუმში, თბილისში და ა.შ. ჩვენი ხალხი ახლაც სტუმრობს ამ ქალაქებს. მაგრამ რატომღაც აფხაზეთი ამ ყველაფრისგან მოწყვეტილი აღმოჩნდა,“ - განაცხადა ბელარუსის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია ბელარუსში დღეს ჩავიდა. 14 თებერვალს კი ის სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრები გამართა.