მეგობარი დიზაინერების ნარჩენი ნაჭრებით დაწყებული ეკო-მეგობრული წარმოება „უსულის“ გუნდმა 2020 წლიდან დაიწყო. ცნობისათვის - „უსული“ ძველი ქართული სიტყვაა და მოხდენილს და ლამაზს ნიშნავს.
„წარმოების შედეგად დარჩენილი აურაცხელი ნარჩენი ჩვენს მუდმივ საფიქრალს წარმოადგენდა. იდეაც აქედან გაჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ტექსტილის ნარჩენები ხელმისაწვდომი რესურსია, პროდუქციის შექმნაც ამ მასალისგან გადავწყვიტეთ“, - გვიყვება „უსულის“ დამფუძნებელი სოფო ლაპიაშვილი
„ზოგადად, მოდის ინდუსტრიას დიდი რაოდენობით ნარჩენი აქვს, როგორც ტექსტილი, ასევე ტყავი, რაც ან საერთოდ არ იხრწნება ან მის რეციკლირებას ძალიან დიდი დრო სჭირდება. მეგობარი დიზაინერების ნარჩენი ნაჭრებისგან, დიდი შრომის შედეგად, ჯერ ფეხსაცმელები შევქმენით, შემდეგ აქსესუარები,“ - იხსენებს სოფო ლაპიაშვილი.
„უსული“ ამზადებს ფეხსაცმელს, ასევე აქსესუარებს - ჩანთებს, საფულეებსა და ქამრებს. ფეხსაცმლის ფასები 200-დან 250 ლარის ფარგლებში მერყეობს, აქსესუარების - 50 დან 150 ლარის.
წარმოების ნარჩენებისგან შექმნილ პროდუქციას „უსული“ სოციალური ქსელების Instagram-ის და Facebook-ის საშუალებით ყიდის. „უსული“ ასევე თანამშრომლობს წინანდლის მუზეუმის მაღაზიასთან და მაღაზია „8/10“-თან.
მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა