აგვისტოში ჩვენ გავაგრძელებთ დროებით ფრენების შეჩერების რეჟიმს, მაგრამ უსაფრთხო დერეფნების მიხედვით კონკრეტულ ფრენებს დავუშვებთ, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ დღეს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განცხადებით, ტაქტიკა და პოლიტიკა ამ თვალსაზრისით ჯერ კიდევ მაისში იყო ცნობილი და მთავრობა ამას ახორციელებს.
ნათია თურნავამ ასევე „რაინეარის“ და „ვიზეარის“ ფრენების აღდგენის საკითხთან დაკავშირებით დასმულ შეკითვებსაც უპასუხა.
„რაც შეეხება „რაინეარს“ და „ვიზეარს“, შეგახსენებთ, რომ ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ ერთი, ვიზიარი 2016 წელს შემოსულიყო საქართველოში. 2019 წელს გაეფართოვებინა არეალი და ამავე წელს შემოსულიყო „რაინეარი“. ეს ჩვენთვის არის ძალიან ღირებული პარტნიორობა. ჩვენ მათთან ორმხრივ რეჯიმში ვთანამშრომლობთ. ვურთიერთობთ, რომ გავიდეთ იმ ოპტიმალურ რაოდენობაზე ფრენების, რაც მათთვისაც მიმზიდველი იქნება, მაგრამ ჩვენ ეპიდემიოლოგიურად არ დაგვაზარალებს. მე ვხედავ, მცდელობას, რომ ვიღაცამ ჩვენს შორის მედიატორის ფუნქცია იკისროს. არ არის ეს საჭირო. არანაირი პრობლემა ჩვენს შორის ურთიერთობის არ არსებობს. თუ კი ამ კომპანიებს შეკითხვა უჩნდებათ, პირდაპირ მოგვმართონ და კომუნიკაციის პრობლემა არ გვაქვს. ამიტომ, ჩემთვის ცოტა უცნაურია, სხვადასხვა ტიპის შეკითხვა, ამის გამო ხომ არ ხდება და იმის გამო. ძალიან მარტივია ჩვენი მოტივაცია, ეს არის ადამიანების დაცვა“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.