უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა, გააფრთხილა მოსახლეობა, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების მატების გამო შესაძლოა კვლავ გაგრძელდეს ქვეყანაში მოქმედი მკაცრი აკრძალვა, რომლის ვადა 21 მარტს იწურება.
უნგრეთში მარტის დასაწყისიდან დახურულია სავაჭრო ობიექტების უმრავლესობა, ასევე რესტორნები, სპორტდარბაზები და სავაჭრო ცენტრები. მთავრობის გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაღები და სკოლები სულ მცირე 7 აპრილამდე ვერ შეძლებენ მოწაფეთა მიღებას.
19 მარტს ქვეყანაში კორონავირუსის 10 759 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 213 პაციენტი გარდაიცვალა, რაც მარტის თვის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
უნგრეთში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის კვალობაზე იზრდება ვაქცინირებულ მოქალაქეთა რაოდენობა. საყოველთაო იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 10-მილიონიან ქვეყანაში აცრა ჩაუტარდა 1,5 მილიონ ადამიანს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კვლავ დაუჭირა მხარი რუსული Sputnik V-ისა და ჩინური Sinopharm-ის ვაქცინების გამოყენებას. უნგრეთი ევროკავშირის პირველი ქვეყანაა, რომელმაც მწვანე შუქი აუნთო ამ ორი პრეპარატის გამოყენებას.
www.radiotavisupleba.ge