რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ პანდემიაზე საუბარმა აქტუალურობა დაკარგა, თუმცა ვირუსი დასუსტების მიუხედავად ბოლომდე არ გამქრალა და მის დამარცხებას ხელს განვითარებად ქვეყნებში ვაქცინის დაბალი ხელმისაწავდომობა უშლის. გაეროს ეკონომიკური და სოციალური დეპარტამენტი (UN DESA) გამოქვეყნებულ ბლოგში ეკონომიკაზე ამახვილებს ყურადღებას და აღნიშნავს, რომ 2023 წლის ბოლოსთვისაც კი სახელმწიფოთა ნაწილში შემოსავალი 1 სულ მოსახლეზე პანდემიამდელ ნიშნულზე უფრო დაბალი იქნება.
UN DESA-ს კვლევის მიხედვით, განვითარებად ქვეყნებს COVID-19 ვაქცინის მხოლოდ 24 დოზა აქვთ 100 ადამიანზე, განვითარებულ ქვეყნებში – 148 დოზაა. 2023 წლის ბოლოსთვის, განვითარებადი ხუთიდან ერთ ქვეყანაში ეკონომიკის ზომა კვლავ იქნება პანდემიამდელი დონის ქვემოთ, განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც პანდემიამდელი ზრდის გზაზე დაბრუნდებიან. უკრაინის ომმა შესაძლოა დამატებით 40 მილიონი ადამიანი გადაიყვანოს უკიდურეს სიღარიბეში, ბოლო ორი წლის განმავლობაში სიღარიბეში უკვე მცხოვრები 120 მილიონის გარდა.
უკრაინის ომამდე განვითარებული ეკონომიკების 44% და განვითარებადი ქვეყნების 71% განიცდიდა ინფლაციის მაჩვენებლების 5%-ზე მეტ ზრდას. ახლა, ენერგიისა და სურსათის ფასების მატებასთან ერთად, ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯების გაზრდით, ინფლაცია უფრო მკვეთრად გაიზრდება, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში, რომლებიც დიდად არიან დამოკიდებულნი საკვებისა და საწვავის იმპორტზე განსაკუთრებით უკრაინიდან და რუსეთიდან.