საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას.
ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, — აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და სეპარატისტმა ლიდერებმა ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებებს“ ხელი მოაწერეს.