კიევში, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციის მონაწილეებმა საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი, რის გამოც მათსა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინულ მედიას პოლიციაში დაუდასტურეს.
„აქტივისტებმა საბურავებს წაუკიდეს ცეცხლი, რის გამოც პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მცირე შეტაკება მოხდა. არავინ დაშავებულა. პოლიციას არავინ დაუკავებია. ადგილზე იმყოფებიან მეხანძრეებიც“, - განაცხადა პოლიციის პრესმდივანმა ოქსანა ტიშჩენკომ.
აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ საბურავების დაწვით სურდათ, ვოლოდიმირ ზელენსკითხვის შეეხსენებინათ, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უღალატებს. თუმცა უკავშირდებოდა თუ არა ეს აქცია პრეზიდენტის რომელიმე კონკრეტულ განცხადებას ან გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.
Imedinews.ge