მიხეილ სააკაშვილი უკრაინის გენერალურ პროკურატურაში მივიდა, თუმცა დაკითხვაზე არ შევიდა, ჟურნალისტებთან საუბრის შემდეგ პროკურატურა დატოვა და განაცხადა, რომ ის მზად არის, თუ დაკითხვაზე ისევ დაიბარებენ, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს მისცეს ჩვენება.
უკრაინის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი ეჭვმიტანილის სტატუსით იყო პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებული. შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სააკაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრულია უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლით, რაც გულისხმობს დანაშაულებრივი ორგანიზაციის მონაწილეთა დახმარებას და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვას. უკრაინის გენერალური პროკურორის, იური ლუცენკოს მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებს აფინანსებდა რუსეთში გაქცეული ექს-პრეზიდენტის, ვიქტორ იანუკოვიჩის და მასთან დაახლოებული ბიზნესმენის, სერგეი კურჩენკოს ჯგუფი და ამ აქციების მიზანი იყო უკრაინაში ხელისუფლების მიტაცება და პრორუსული ძალების რევანში. მიხეილ სააკაშვილი ბრალდებას უარყოფს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.
ცოტა ხნის წინ გენერალურ პროკურატურაში მისულმა სააკშვილმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მიზანი, მისი პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვაა. სააკაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ დაწყებული პროცესის მიზანია იმის ჩვენება, რომ „ის ФСБ-ს აგენტია, რომელიც უკრაინაში გადატრიალების ჩადენას ცდილობს. „ქურდებმა და კორუფციონერებმა, რომლებიც ამ შენობაში სხედან, ვერაფერი უკეთესი ვერ მოიფიქრეს, ვიდრე ФСБ-ს აგენტად გამოვეცხადებინე, - განაცხადა დღეს სააკაშვილმა.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე კიდევ ერთხელ გამოიძახებენ. ამის შესახებ პროკურორმა ალექსანდრე გოვორუშჩაკმა განაცხადა.
„ეჭვმიტანილმა სააკაშვილმა არ შეასრულა ეჭვმიტანილის სტატუსით გათვალისწინებული ვალდებულებები, ამიტომ მას დაკითხვაზე მეორედ გამოიაძახებენ, - განაცხადა ბრიფინგზე გოვორუშჩაკმა.
მისი თქმით, თუ სააკაშვილი დაკითხვას მეორედაც ჩაშლის, გენერალური პროკურატურა კანონით გათვალისწინებულ ზომებს მიიღებს.