უკრაინის ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, რატი შურღაია დაიღუპა.
ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, შურღაიამ ერთ-ერთი ბრძოლის დროს მძიმე დაზიანებები მიიღო და კანტუზია განუვითარდა, მაგრამ მკურნალობის კურსი ბოლომდე არ ჩაუტარებია და საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მიღება გააგრძელა, რის გამოც მდგომარეობის გართულების შემდეგ, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
შურღაია 38 წლის იყო. რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.
რატი შურღაიას უკრაინელი მეუღლე ჰყავს. ის ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა. ოჯახის წევრებს უკრაინულმა მხარემ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა.
დაღუპულის დედა პოლონეთში ცხოვრობს. მას შვილთან კონტაქტი ბოლოს 5 დღის წინ ჰქონდა. დედის თქმით, რატი შურღაია ამბობდა, საქართველოს თავისუფლებისა და მთლიანობისთვის ოკუპანტ მტერთან ბრძოლას უკრაინაში აგრძელებდა.
სხვა დეტალები ოჯახისთვის ჯერჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, უკრაინაში რუსეთთან ომში 11 ქართველი დაიღუპა. დაღუპული ქართველი მებრძოლები არიან: დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი, ნიკოლოზ შანავა, არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, ზაზა ბიწაძე და ტატო ბიგვავა.