„ევროპას მიზეზი უნდა, რომ უკრაინას და საქართველოს გზა ჩაუკეტონ. ხელოვნურად იწვევენ პრობლემას.“-ასე გამოეხმაურა ევროკავშირის მიერ უკრაინიდან ფრინველის ხორცის იმპორტის დროებით შეზღუდვას „მეფრინველეობის ასოციაციის“ თავმჯდომარე ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის გადაწვეტილება ვინიცკის ოლქში ფრინველის გრიპისგან დახოცვის ფაქტს უკავშირდება, რომელიც 18 იანვარს დაფიქსირდა. შესაბამისად, ევროკავშირმა ფრინველის ხორცის, მისგან დამზადებული პროდუქციისა და ფრინველის ხორცის თერმულად დაუმუშავებული პროდუქტების შეტანა დროებით შეზღუდა.
როგორც ზურაბ უჩუმბეგაშვილმა „კომერსანტს“ განუცხადა, უკრაინის ოლქში ფრინველის გრიპის დაფიქსირების მიუხედავად, საქართველოს ბაზარს საფრთხე არ ემუქრება რადგან, უკრაინა საქართველოს ქათმის ხორცის მხოლოდ 2%-ით ამარაგებს.
“ქათმის ვირუსი მხოლოდ ერთ რეგიონშია დაფიქსირებული, რომელიც ტერიტორიულად პოლონეთთანაა ახლოს და ეს გახდა გზის ჩაკეტვის მიზეზი. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენი ძირითადი მომწოდებელი თურქეთი და ბრაზილიაა. თანაც პრობლემა არა ხორცს, არამედ კვერცხმდებელ ფაბრიკაშია. საქართველოში, კვერცხი უკრაინიდან არ შემოგვაქვს, ხორცის მხრივ კი როგორც უკვე გითხარით, პრობლემა არ გვაქვს. „-აცხადებს ზურაბ უჩუმბეგაშვილი.
აღნიშნულ საკითხზე, „კომერსანტი“ სურსათის უვნებლობის სამსახურსაც დაუკავშირდა. მათგან შესაბამის ინფორმაციის მოწოდების შემდეგ, ჩვენს მკითხველს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ვრცელ ინფორმაციას მივაწვდით.
ნათია ლომიძე