უკრაინამ საქართველო „წითელი ზონის“ ქვეყნების ნუსხაში შეიყვანა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოდან უკრაინაში ჩასულ მგზავრს COVID-19-ზე PCR ტესტის ჩატარება ან 14-დღიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს. რაც შეეხება PCR ტესტს, პირმა ის უკრაინის ტერიტორიაზე უნდა გაიკეთოს.
როგორც avianews.ge წერს, უკრაინას ეტაპობრივად „წითელი ზონის“ ქვეყნების ჩამონათვალში შეჰყავს ის ქვეყნები, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში COVID-19-ის ახალი შემთხვევების რიცხვი ყოველ 100 000 მოსახლეზე აჭარბებს უკრაინის ანალოგიურ მონაცემს ან თუ გასული 14 დღის განმავლობაში ინფიცირების ახალი შემთხვევების ზრდის მაჩვენებელი 30%-ს აღემატება. უკრაინის ჯანდაცვის სამინისტრო ქვეყნების სიას ყოველ 7 დღეში ერთხელ ანახლებს.
უკრაინის ტერიტორიაზე შემსვლელ პირს ჩამოტვირთული უნდა ჰქონდეს აპლიკაცია “Дій вдома” და მან 3 ვარიანტიდან უნდა აირჩიოს მისთვის სასურველი 1 ვარიანტი.
1. დაკვირვება სპეციალურ საკარანტინე ზონაში;
2. 14-დღიანი თვითიზოლაცია;
3. COVID-19-ზე PCR-ტესტის გაკეთება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შემდეგ.