უკრაინა ომის პირობებში ბიუჯეტის დაფინანსების შეზღუდული წყაროების ფონზე, ვალის რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობას იკვლევს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი გარკვეულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
განიხილება რამდენიმე სცენარი, მაგრამ გადაწყვეტილება მიღება ზაფხულის ბოლომდე მოსალოდნელი არ არის, განუცხადა სააგენტოს ორმა წყარომ.
Bloomberg-ის გათვლებით, უკრაინას, 1-ელ სექტემბრამდე აქვს ვადა დაფაროს 1,4 მილიარდი დოლარი და გადაიხადოს პროცენტი. საერთაშორისო სავალუტო ფონდი კონსულტაციას უწევს ქვეყნის ხელისუფლებას და უკრაინის ფინანსურ და სავალო მდგომარეობას აანალიზებს.
ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც უკრაინა განიხილავს, ითვალისწინებს ე.წ. „თანხმობის მოთხოვნას“, ანუ ემიტენტის მოთხოვნას ობლიგაციების მფლობელთან შეთანხმების პირობების ცვლილებაზე. მეორე ვარიანტი გულისხმობს გაყინული რუსული აქტივების გამოყენებას გირაოს სახით, თუმცა ასეთი იდეის იურიდიული სიცოცხლისუნარიანობა ჯერჯერობით უცნობია.