უკრაინის სახელმწიფო ნავთობკომპანია „ნაფტოგაზ-უკრაინას“ გენერალურმა დირექტორმა იური ვიტრენკომ განაცხადა, რომ ოფიციალურად მოითხოვა რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ სერტიფიცირების პროცესში მონაწილეობის უფლება.
სერტიფიცირება ითვალისწინებს მილსადენის ოპერატორი კომპანიისთვის მუშაობის დაწყების ნებართვის გაცემას იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ევროკავშირის კანონმდებლობას შეესაბამება.
პროცესში მონაწილეობა სავალდებულოა ყველა მხარისთვის, რომელსაც ეს საკითხი იურიდიულად ეხება - მაგალითად, იმ ქვეყნების მარეგულირებელი ორგანოები, რომელთა ტერიტორიაზე მილი გაივლის. თუმცა, პროცესში მონაწილეობა - გადაწყვეტილების მიღების უფლების გარეშე - ყველა მსურველს შეუძლია.
„ნაფტოგაზ-უკრაინასთან“ ერთად, განაცხადი დებატებში მონაწილეობაზე ასევე შეიტანა პოლონურმა PGNiG-მა, რომელიც შეეცდება მარეგულირებლების დარწმუნებას, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ევროპულ სტანდარტებს და კანონმდებლობას უხეშად არღვევს.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ან უკრაინული ან პოლონური მხარე სერტიფიცირებაში მონაწილეობას მიიღებენ - იმიტომ რომ დებატები სერტიფიცირების ირგვლივ იგივე სასამართლო პროცესია, თავისი პროკურორებით და ადვოკატებით. განაცხადი ნიშნავს, რომ უკრაინა და პოლონეთი ბრალდების მოწმეები არიან, მაგრამ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.
მოწმეების შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები სასამართლოს გააცნონ, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებაზე ისინი ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენენ.
საბოლოოდ სერტიფიცირებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მაინც გერმანიის ფედერალური რეგულატორი მიიღებს, რის შემდეგად გადაწყვეტილება ევროკომისიაში დადასტურებისთვის გადაიგზავნება.
ეს პროცესი როგორც მინიმუმ 5 თვეს დაიკავებს, მეტს თუ არა.
გერმანულ მხარეს მოუწევს იმის დასაბუთება, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს ოპერატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაცია ქვეყნის და ევროკავშირის კანონმდებლობას სრულად შეესაბამება.
ასევე შესაძლებელია, განხილვის პროცესში გარკვეული ხარვეზები გამოვლინდეს და ოპერატორ-კომპანიას მათი გამოსწორებისთვის გარკვეული დრო მიეცეს.
თუმცა, აქ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია - მთელი ამ დროის მანძილზე გაზის მიწოდება შესაძლებელია მიმდინარეობდეს სატესტო რეჟიმში - სერტიფიცირების პროცესთან ერთად, პარალელურად მიმდინარეობს გაზსადენის ტესტირება უსაფრთხოებაზე. ამისთვის კი უნდა შემოწმდეს როგორ მუშაობს მილსადენი სხვადასხვა რეჟიმში და სხვადასხვა დატვირთვით.
ამიტომაც, გაზსადენი ცოტა ხანში გაზით აივსება და სატესტო მიწოდება დაიწყება. ამ რეჟიმში წლის ბოლომდე გერმანია, როგორც მინიმუმ, 5 მლრდ კუბურ მეტრ გაზს მიიღებს.
რადგანაც გაზი უკვე მიწოდებულია, ცხადია, მას დანიშნულებისამებრ გამოიყენებენ.
დღეს, მწვავე ენერგოკრიზისის დროს, ნაკლებად თუ მოიძებნება გერმანიაში ვინმე, ვინც გაზის დამატებით რაოდენობაზე იდეური შეხედულებების, ან უკრაინის ინტერესების დაცვის მიზნით, უარს განაცხადებს.
სამწუხაროდ, ყველაფერი გადაწყვეტილია - უკრაინას „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს შეჩერების არანაირი ბერკეტი არ გააჩნია.