ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტის შეკრების პირველ დღეს სამოქმედო გეგმა შეიმუშავეს, რომელიც ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ფართომასშტაბიან აქციებს არ ითვალისწინებს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები განმარტავენ, რომ ისინი პარლამენტთან შეიკრიბებიან და 3 დოკუმენტს მოაწერენ ხელს.
როგორც ნაციონალური მოძრაობის წევრი, ზაალ უდუმაშვილი განმარტავს, პირველ დოკუმენტში კიდევ ერთხელ აღნიშნავენ, რომ არჩევნები გაყალბდა და გააჟღერებენ ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას.
ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ იმ დღეს, როცა შეიკრიბება მეათე მოწვევის კომუნისტური პარტია უფლებამოსილების ცნობისთვის, არ გავმართავთ აქციას. ყველა ის ოპოზიციური პარტია იქნება წარმოდგენილი, რომელიც თვლის, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ხელახალი არჩევნები. ჩვენ გავაფორმებთ რამდენიმე დოკუმენტს, მათ შორის, ერთ-ერთი იქნება დეკლარაცია, სადაც კიდევ ერთხელ იქნება ჩამოწერილი ის მოთხოვნები, რომელსაც ვაჟღერებთ 31 ოქტომბრის შემდეგ, — განაცხადა უდუმაშვილმა.
ევროპული საქართველოს ლიდერის განცხადებით, მეორე დოკუმენტით უარს იტყვიან დეპუტატის უფლებამოსილებაზე.
მეორე დოკუმენტი იქნება იმ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების განცხადებები, ვინც ამ გაყალბებული არჩევნებით უნდა შესულიყო პარლამენტში და უარს აცხადებს. თითოეული ასეთ ადამიანი იქ საჯაროდ მოაწერს ხელს, — განაცხადა ბაქრაძემ.
რაც შეეხხება მესამე დოკუმენტს, ოპოზიცია პარტიულ სიებს ჩახსნის, რის საფუძველზეც ვეღარ მოხდება უფლებამოსილებაზე უარისმთქმელი დეპუტატების ჩანაცვლება.
ონ.ჯი