კასპის საკონსერვო ქარხანა უალკოჰოლო სასმელების ბაზარზე შედის. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კომპანიის ერთ-ერთმა დირექტორმა ოთარ მერებაშვილმა განუცხადა, ნატურალური წვენების პირველ პარტიას კომპანია აგვისტოში ჩამოასხამს და სარეალიზაციო ქსელშიც გაიტანს.
კასპში ჩამოსხული უალკოჰოლო სასმელი „კასპის საკონსერვო ქარხნის“ ბრენდით გაიყიდება.
მერებაშვილის ინფორმაციით, საწყის ეტაპზე დაგეგმილია ბროწეულის, ალუბლის და ციტრუსების 1–ლიტრიან მინის ბოთლებში ჩამოსხმა. ნედლეულს კომპანია ადგილობრივი ფერმერებისგან შეისყიდის.
რა ფასად გაიყიდება ბაზარზე კასპის საკონსერვო ქარხნის წვენები, ამის შესახებ მერებაშვილი ვერ საუბრობს, რადგან ამჟამად კალკულაციის პროცესი მიმდინარეობს.
„კონკურენცია ყველას უნდა გავუწიოთ, როგორც იმპორტირებულს, ისე ქართულს“, - აცხადებს მერებაშვილი.
კასპის საკონსერვო ქარხანა ამ დროისთვის 40-მდე დასახელების პროდუქციას აწარმოებს. მათ შორისაა, მურაბები, აჯიკები, მწნილები და ა.შ. წარმოებული პროდუქციის 50% საექსპორტოა. კომპანია ნედლეულს იბარებს როგორც ადგილობრივებისგან, ისე მთლიანად შიდა ქართლიდან და მარნეულიდან.
კასპის საკონსერვო ქარხანა (შპს TMT) 2006 წელს, კასპის საკონსერვო კომბინატის ბაზაზე დაფუძნდა, რომელიც 1961 წლიდან ფუნქციონირებდა. კომპანია აწარმოებს ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქციის ნაირსახეობებს.
დღესდღეობით TMT-ს პროდუქცია წარმოდგენილია როგორც მსხვილ სუპერმარკეტებში, ისე მსხვილ ქსელებში. 2008 წლიდან კომპანიას პროდუქცია ექსპორტზე გერმანიაში, ავსტრიაში, ჩეხეთში, აშშ–ში, აფრიკის ქვეყნებში, უკრაინასა და ისრაელში. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოლაპარაკებები შვეიცარიასთანაც.
წყარო: business-partner.ge