ვალენსიური კომპანია Laserfood ესპანეთში პირველ საწარმოს აამუშავებს, რომელიც ცხოველური ტყავის ვეგანურ შემცვლელს გამოუშვებს. ტყავის შემცვლელის ნედლეული ხურმა იქნება. ამის შესახებ პორტალი agroinformacion.com წერს.
ახალი პროდუქტი PersiSKIN ვალენსიის ბაღებში ხურმის ჭარბწარმოების პრობლემასაც მოხსნის და ეს ტყავის შემცვლელი 100%-ით ნატურალური პროდუქტისგან შეიქმნება.
კომპანიამ, რომელიც მცენარეული პროდუქტის პრეზენტაციის საწყის ეტაპზეა, მხოლოდ პატენტში 500 000 ევრო გადაიხადა და წარმოებაში 2 მლნ ევროს ჩადება მოუწევს. ვეგანური ტყავის წარმოებაში რამდენიმე თვეში, მაისში დაიწყება.
„მეორე ეტაპზე ჩვენ პირველ ფაბრიკას გავხსნით, რომელიც მზა პროდუქტს გამოუშვებს და დავიწყებთ გაყიდვებს“, - ამბობს ხაიმე სანფელიქსი, Laserfood-ის გენერალური დირექტორი.
ესპანეთში წარმოებული ხურმის მოსავლის 85% ვალენსიაზე მოდის და აქ ყოველწლიურად 300 მლნ კგ ხურმას კრეფენ.
ბოლო 5 წლის განმავლობაში ხურმის მოსავლიანობა მკვეთრად გაიზარდა და ჭარბწარმოებამ, რაც ვერ იყიდება, 50%-ს მიაღწია.
ვალენსიის აგროსამრეწველო დარგში ასეთი ვითარების პირობებში PersiSKIN-ის შემქმნელებმა უდანაკარგო ეკონომიკის მდგრად ვარიანტს მიაგნეს.
მეორეს მხრივ, კომპანია ახალი მასალის გამოყენებისთვის დამხმარე სექტორის შექმნასაც გეგმავს. ეს იქნება სახელოსნოები, სადაც ვეგანური ტყავისგან ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შეიკერება. ეს კი ასობით ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს.
მანამდე, 2021 წლის დეკემბერში „კომერსანტი“ ანალოგიურ პროექტზე წერდა, რომელიც საქართველოში ხორციელდება. კერძოდ, პირველად საქართველოსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, ,,გრანელი ჯგუფი“ ქალაქ ყვარელში ცხოველური და სინთეტიკური ტყავის ალტერნატივის, მცენარეული ნედლეულისა და ორგანული ნარჩენის საფუძველზე დამზადებული ვეგანური ტყავის წარმოებისთვის საჭირო ქარხნის მშენებლობას იწყებს.
ინოვაციური პროექტის განხორციელებისთვის ჯამური საინვესტიციო თანხა 10 მლნ დოლარს შეადგენს. ,,გრანელი ჯგუფის“ ხელმძღვანელის, ბიზნესმენ ნუგზარ საჯაიას განცხადებით, ორგანული ნარჩენების გამოყენების ამ უახლესი მეთოდით იქმნება სრულად ბიოდეგრადირებადი პროდუქტი, რომლის ანალოგი მსოფლიოში ჯერჯერობით არ არის.
საჯაიას განცხადებით, ეს არის 100%-ით უნარჩენო წარმოება, რითაც სამომავლოდ, ,,გრანელი ჯგუფი“ მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს კახეთის რეგიონის მწვანე ზონად ჩამოყალიბებაში.