თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე გამოეხმაურა თხინვალას მოსახლეობის საპროტესტო გამოსვლებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მერიის მიერ გასხვისებულ ტერიტორიაზე, არსებული სტადიონების ადგილზე, მაღალი საცხოვრებელი კორპუსები უნდა აშენდეს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, ადგილობრივი მცხოვრებლების ბრალდებები უსაფუძვლოა და გენერალური გეგმის თანახმად, მაღალი კორპუსების მშენებლობა იქ არ მოხდება.
მისივე თქმით, არანაირი საფრთხე არ ემუქრება დასახლებაში უკვე არსებულ, მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილ სტადიონსა და ბავშვთა გასართობ მოედანს. თავართქილაძის განმარტებით, აღნიშნული ტერიტორია ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს მხოლოდ ემიჯნება.
„აღსანიშნავია, რომ გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულად ცდილობენ თბილისის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას. პირველ რიგში, ხაზგასმით ვამბობ, რომ აღნიშნული ტერიტორია გასხვისდა ინდივიდუალური სახლების განაშენიანების მიზნით. ასევე, აუცილებელი პირობაა, რომ ტერიტორიაზე დამუშავდეს განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომლის ფარგლებშიც მოხდება თანამედროვე სტანდარტების განაშენიანების მოწყობა და შესაბამისი ნებართვების გაცემა. რაც შეეხება სტადიონს, ამ ტერიტორიაზე დღესაც არსებობს მუნიციპალიტეტის მიერ მოწყობილი გამართული თანამედროვე სტადიონი და ასევე, ბავშვების გასართობი მოედანი, რომლებიც ემიჯნება ჩვენ მიერ პრივატიზებულ მიწის ნაკვეთს. ისინი არ გასხვისებულა“, - აღნიშნა ირაკლი თავართქილაძემ.