თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სუბსიდიის სახით ფინანსური დახმარების გაცემას იმ ფიზიკური პირებისათვის, რომლებსაც აქვთ 0,2 ჰა-დან 3-ჰას ჩათვლით თხილის ბაღი. სუბსიდიის მოცულობა 500 ლარითაა განსაზღვრული, ყოველ 1 ჰა-ზე. დახმარება აგრობარათებზე შესაბამისი ქულების დარიცხვით გაიცემა, რომლებსაც ფერმერები სპეციალიზებულ მაღაზიებში თხილის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო პროდუქციის შესაძენად გამოიყენებენ. პროგრამა საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
მეთხილე ფერმერებმა, ფინანსური დახმარების მისაღებად, თხილის ბაღების რეგისტრაცია თხილის კადასტრში 2023 წლის 31 იანვრამდე უნდა მოახდინონ.
პროგრამაში მონაწილეობას დაახლოებით 100,000 ფერმერი მიიღებს. პროგრამის განხორციელების შედეგად 40,000 ჰა-ზე ხარისხიანი თხილის წარმოებისათვის მოვლა-მოყვანის საშუალებები დაფინანსდება.
თხილის წარმოების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთში მეთხილე ფერმერებს გააცნეს.
„წელს თხილის მოსავალიც მცირე იყო და ხარისხიც დაბალი, ამას სხვადასხვა მიზეზი აქვს, მათ შორის, კლიმატური პირობები. უხვმა ნალექმა ხელი შეგვიშალა, რომ შესაბამისი ღონისძიებები სრულფასოვნად ჩატარებულიყო. ეს ყველაფერი თითოეული ჩვენი ფერმერის შემოსავალზე აისახა. თხილის სექტორში 10,000 ოჯახი არის დასაქმებული და ბევრი მათგანისთვის ეს შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ამავდროულად, ქართული თხილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტია; სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, მთავრობამ თქვენთან, ასოციაციასთან, პარლამენტის კომიტეტთან, შესაბამის სტრუქტურებთან ერთად იმსჯელა და მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული ღონისძიებები უნდა განხორციელებულიყო ამ დარგის მხარდაჭერის კუთხით; შესაბამისად, შეიქმნა და ამოქმედდა თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამა", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.