ამერიკელ კონგრესმენს, რესპუბლიკელ მარჯორი ტეილორ გრინს Twitter-მა გვერდი (@mtgreenee) სამუდამოდ დაუბლოკა. მიზეზი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესახებ დეზინფორმაციის გავრცელებაა, - ამის შესახებ CNN-ი წერს.
პოლიტიკოსს სოციალურ პლატფორმაზე 465,000-ზე მეტი მიმდევარი ჰყავდა. მიუხედავად ანგარიშის დაბლოკვისა, ის კვლავ აგრძელებს პოსტების წერას ოფიციალური სამსახურებრივი გვერდიდან (@RepMTG).
„სოციალური მედიაპლატფორმები ვერ შეაჩერებენ სიმართლის გავრცელებას. კომუნისტ დემოკრატებს არ შეუძლიათ შეაჩერონ სიმართლე. მე ვდგავარ სიმართლისა და ხალხის მხარეს. ჩვენ გავიმარჯვებთ!, - დაწერა გრინმა აღნიშნულ გვერდზე.
CNN-ი წერს, რომ ტვიტი, რომელსაც სამუდამო აკრძალვა მოჰყვა, შეიცავდა შეცდომაში შემყვან გრაფიკს, რომელიც აჩვენებდა კოვიდვაცინაციასთან დაკავშირებულ სიკვდილიანობას. გრინი აღნიშნავდა, რომ აღნიშნულ მონაცემებს უგულებელყოფენ.
imedinews.ge