თურქული ინვესტიციით შექმნილი კომპანიებისთვის საქართველოდან ევროკავშირში პროდუქციის გატანა გადასახადებისა და კვოტების გარეშე ამ დრომდე ვერ ხერხდება. იმისთვის, რომ თურქულმა კომპანიებმა ამ შესაძლებლობით ისარგებლონ, საქართველო-თურქეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაში შესაბამისი ცვლილებების შეტანაა საჭირო. წელიწადზე მეტია ამ საკითხთან დაკავშირებით ქართულ და თურქულ მთავრობებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს, თუმცა, კონკრეტულ შედეგებამდე მხარეები ამ დრომდე ვერ მივიდნენ.
თურქული ინვესტიციით საქართველოში შექმნილი საწარმოები კი ამ ცვლილებას უკვე დიდი ხანია ელოდებიან, რადგანაც ეს მათ საქმიანობას ბევრად გააიოლებს. საუბარია ძირითადად ტექსტილის საწარმოებზე. საქმე ისაა, რომ დღეს თურქული ინვესტიციით საქართველოში შექმნილი კომპანიები საქონელს თურქეთში აბრუნებენ და ამ გზით გააქვთ ევროკავშირში (თურქეთიდან ევროკავშირში საქონლის გატანა გადასახადების გარეშე ხდება), ან საქართველოდან გზავნიან, თუმცა, ასეთ შემთხვევაში გადასახადების გადახდა უწევთ.
კვოტებისა და გადასახადების გარეშე ევროკავშირში ვაჭრობის შესაძლებლობას საქართველოში მოქმედ თურქულ საწარმოებს დიაგონალური კუმულაციის პრინციპი აძლევს, რომელიც საქართველო-ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაშია ჩადებული.
ეს პრინციპი გულისხმობს იმას, რომ თურქეთიდან იმპორტირებული ნედლეულით დამზადებული პროდუქტი ჩაითვლება საქართველოში წარმოშობილად, მას დაეწერება „დამზადებულია საქართველოში“ და ევროკავშირის ბაზარზე გადასახადებისა და კვოტების გარეშე გავა.
ეკონომიკის სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტში „კომერსანტს“ განუცხადეს, რომ ქართული მხარე თურქეთთან მოლაპარაკებების მაქსიმალურად დაჩქარებას ცდილობს და ეს საკითხი უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე დაყენებულია.
დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მარიამ გაბუნია ამბობს, რომ თურქეთში ეკონომიკის მინისტრის ვიზიტისას უმაღლეს დონეზე მიიღეს გადაწყვეტილება პროცესის დაჩქარების შესახებ.
მისივე ცნობით, მოლაპარაკებების პროცესი მხოლოდ ერთ მხარეზე არაა დამოკიდებული, ამიტომაც პროცესი ამ დრომდე დასრულებული არ არის.
„24 მარტს იყვნენ თურქები ჩამოსულები. შეხვედრა გვქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, ეს პროცესი დასრულებული არ არის. მოლაპარაკებების შედეგი მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. აქ ორი მხარეა ჩართული და მათი ინტერესების გათვალისწინება აუცილებელია. ჯერჯერობით სამწუხაროდ, ვერ დავასრულეთ ეს მოლაპარაკებები.
დეტალებზე ვერ ვისაუბრებ, სანამ პროცესი არ დასრულდება. არის გარკვეული საკითხები, რომლებზე შესათანხმებლად გარკვეული დრო გვჭირდება. ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს“,- აცხადებს მარიამ გაბუნია.
როდის დასრულდება მოლაპარაკებები, კონკრეტული თარიღის დასახელებისგან მარიამ გაბუნია თავს იკავებს.