თურქეთმა სირიელ მიგრანტებს ევროპასთან საზღვარი გაუხსნა. თურქული მედიის ცნობით, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვალდებულები არ ვართ, ამდენი მიგრანტი მივიღოთ. ევროპა დახმარებას დაგვპირდა, მაგრამ არაფერს აკეთებს. ამიტომ გუშინ ჩვენ საზღვრები გავხსენით“, - განაცხადა ერდოღანმა.
მისივე თქმით, გუშინ ევროპასთან საზღვარი 18 ათასმა მიგრანტმა გადაკვეთა, დღეს კი ამ რიცხვმა შესაძლოა 30 ათასს მიაღწიოს. ერდოღანის განცხადებით, ანკარა მიგრანტებს საზღვარს აღარ ჩაუკეტავს.
იდლიბში სიტუაციის გამწვავების ფონზე, თურქეთის მმართველი პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქვეყანა დევნილებისა და ლტოლვილების ტალღას, რომელიც ევროპისკენ მიემართება, აღარ შეაჩერებს.
თურქეთში ამჟამად 3.7 მილიონი სირიელი დევნილია. 2016 წლის შეთანხმებით, ევროკავშირმა თურქეთს ფინანსური დახმარება გამოუყო დევნილების მიღებისა და განთავსების მიზნით.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 28 თებერვალს განაცხადა, რომ სირიაში თურქი სამხედროები „ბოევიკებს“ შორის იმყოფებოდნენ.
სირიაში, იდლიბის პროვინციაში, საჰაერო დარტყმის შედეგად 33 თურქი სამხედრო დაიღუპა.
Imedinews.ge