თურქეთი სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტებისთვის მწვანე ტურისტული სერტიფიკატების შემოღებას 2023 წლის იანვრიდან დაიწყებს. ამის შესახებ თურქეთის ტურიზმისა და კულტურის მინისტრმა მეჰმედ ნური ერსოიმ საკურორტო ტურიზმის მე-12 საერთაშორისო კონგრესზე გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, თურქეთი „მწვანე პროგრამას“ გლობალური მდგრადი ტურიზმის საბჭოსთან (GSTC) თანამშრომლობით განახორციელებს. ეს პოლიტიკა ეფუძნება გლობალური მდგრადი განვითარების პრაქტიკას (ESG) და გარემოს დაბინძურების შემცირებას პარიზის კლიმატის შეთანხმების შესაბამისად.
თურქეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებას GSTC-თან, ხაზგასმით აღნიშნა მინისტრმა.
„წინასწარ შემოწმდა 80 ობიექტი, აქედან 53 ანტალიაში მდებარეობს. 27 ობიექტმა უკვე მიიღო მწვანე სერტიფიკატების უფლება, ვიმედოვნებთ, რომ სხვა შემოწმებული ობიექტები აღმოფხვრიან ხარვეზებს და ასევე მიიღებენ სერტიფიკატებს“, - დააზუსტა თურქეთის ტურიზმის სამინისტროს ხელმძღვანელმა.
2020 წელს, პანდემიის პიკში თურქეთმა სასტუმროებში „უსაფრთხო ტურიზმის“ სერტიფიკატები შემოიღო - მათ დაადასტურეს, რომ განსახლების ობიექტი აკმაყოფილებს ტურისტების უსაფრთხო დასვენებისთვის საჭირო ყველა ზომას. ახლა თურქეთის ტურიზმის სამინისტრო გეგმავს მსგავსი სერტიფიკატების შემოღებას სასტუმროებში, მხოლოდ „მწვანე ტურიზმის“ პროგრამის ფარგლებში.
პირველი ეტაპი მომავალი წლის იანვარში დაიწყება: ტურიზმის სამინისტრო აპირებს მწვანე სერტიფიკატის კრიტერიუმების დაზუსტებას, გადაამზადებს კომპანიებს, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ პროგრამის განხორციელებას.
უკვე თებერვალში პროექტს უშუალოდ დაუკავშირდებიან ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები.
2025 წლისთვის თურქეთი გეგმავს სერტიფიცირების სისტემის დანერგვას ზოგიერთ სასტუმროში, ხოლო 2030 წლისთვის - ყველა განსახლების ობიექტში, რათა შეესაბამებოდეს მდგრადი ტურიზმის საერთაშორისო სტანდარტებს და პარიზის კლიმატის შეთანხმებას. თურქეთმა დოკუმენტს ხელი 2021 წელს მოაწერა.
როგორც მინისტრმა ერსოიმ აღნიშნა, თურქეთმა 2022 წელს 50 მილიონზე მეტი ტურისტი მიიღო, ინდუსტრიის შემოსავალი 2019 წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა და 44 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.
ტურიზმის განვითარების სტრატეგიის მიხედვით, თურქეთი 2023 წელს 75 მილიონამდე ტურისტის მიღებას ელის, დაგეგმილი ტურისტული შემოსავალი კი 65 მილიარდ დოლარს უნდა აღემატებოდეს.