თურქეთი შავი ზღვის გაზსადენის მშენებლობის დასრულებას ნოემბერში გეგმავს, ხოლო შავ ზღვაში არსებული საბადოდან გაზის გადატანას 2023 წლის პირველ კვარტალში ვარაუდობს. როგორც ცნობილია ქვეყანამ შავი ზღვის ფსკერზე მილსადენის მშენებლობა მიმდინარე წლის ივნისიდან დაიწყო, რომელიც ზღვაში მდებარე საბადოს ხმელეთს დააკავშირებს, შემდეგ კი – ეროვნულ გაზგამანაწილებელ ქსელს.
13 ივნისს, მშენებლობის დაწყების ოფიციალურ ცერემონიაზე გამოსვლისას, პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ პირველ ეტაპზე, დღე-ღამეში მოიპოვებენ დაახლოებით 10 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ გაზს, რომლის მიღებასაც თურქეთის მომხმარებლები 2023 წლის პირველი კვარტლიდან შეძლებენ. ერდოღანის თანახმად, მოპოვება ეტაპობრივად გაიზრდება და მაქსიმუმს 2026 წლისთვის მიაღწევს. თურქეთის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, მეორე ეტაპზე გაზის მოპოვებას დღე-ღამეში 40 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდიან და შესაძლოა, 50 მილიონამდეც ავიდნენ.
აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობამ პირველად 2020 წელს გამოაცხადა, რომ შავ ზღვაში აღმოაჩინეს საბადო, სადაც, სავარაუდოდ, 540 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მარაგია.
„თურქეთი ხედავს ენერგეტიკას, როგორც რეგიონული თანამშრომლობის გასაღებს და არა დაძაბულობისა და კონფლიქტის ზონას. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ბრძოლას ყველა მხრივ, სანამ არ ვიქცევით ქვეყნად, რომელმაც მთლიანად გადაჭრა ენერგომომარაგების უსაფრთხოების პრობლემა,“ – განაცხადა მილსადენის პროექტის დაწყების ცერემონიალზე პრეზიდენტმა.