თურქეთი სახელმწიფო ბანკებში 51,5 მილიარდი ლირას ($3,8 მილიარდი) ინექციას გეგმავს, რათა მათ ბიზნესის დაკრედიტება შეუფერხებლად განაგრძონ.
Bloomberg-ს წყაროს თანახმად, თურქეთის სუვერენული ფონდი გაზრდის Ziraat Bankasi-ის, Turkiye Halk Bankas-ისა და Turkiye Vakiflar Bankasi-ს კაპიტალის მარაგს.
გეგმის მიხედვით, Ziraat-ი მიიღებს 22,5 მილიარდ ლირას, ხოლო Halkbank-ი და Vakifbank-ი -13,5 მილიარდ ლირას. ისლამური საბანკო ერთეულები სულ 2 მილიარდ ლირას მიიღებენ.
ლირას გაუფასურებამ და სახელმწიფო ბანკების მცდელობებმა, შეენარჩუნებინათ სესხის დაბალი ხარჯები Covid-19-ის პანდემიის ფონზე, შეამცირა ფულადი რეზერვები, რის გამოც საჭირო გახდა მთავრობის მხრიდან ინექცია მესამედ დაახლოებით სამი წლის განმავლობაში.
Turkiye Varlik Fonu, სიმდიდრის ფონდი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც TWF, ფლობს სამივე სახელმწიფო მფლობელობაში მყოფი კრედიტორების უმრავლესობის წილს. მან 2019 და 2020 წლებში ორ ცალკეულ რაუნდში $6,7 მილიარდის ოდენობის საბანკო მხარდაჭერა გაიღო.
მხარდაჭერის მიუხედავად, საზედამხედველო ორგანოს უახლესი მონაცემებით, სახელმწიფო ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი ნოემბრის ბოლოს 16%-მდე დაეცა.
წყარო: Bloomberg, „ბიზნეს ფორმულა“