გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით მსოფლიოს 20 ყველაზე უსაფრთხო მიმართულება დაასახელა.
სიაში პირველ ადგილზეა თბილისი.
„თბილისი - საქართველოს დედაქალაქია და ეს არის ქვეყანა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დაზარალებულია კორონავირუსისგან. სწრაფი და ხისტი რეაგირების წყალობით ქვეყანამ ინფიცირების უკიდურესად დაბალი დონის შენარჩუნება შეძლო - საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე თითქმის 260-ჯერ ნაკლები დაავადებულია, ვიდრე ევროპის ყველაზე დაზარალებულ ქვეყნებში.
საქართველო უცხოელებისთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის და ტურისტების და მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვისთვის აქტიურ ზომებს იღებს.
თბილისი არის წარსულის და მომავლის, კულტურის და დასვენების ნარევი. დღეს ეს ქალაქი როგორც არასდროს ტრენდულია, ის კულტურის, გასტრონომიის და არქიტექტურის კუთხით იდეალური მიმართულებაა.
ფრანგი არქიტექტორის ჰაუსმანის სტილის შენობები, შუა საუკუნის ნაგებობები, ნეო-კლასიკა, საბჭოთა არქიტექტურა და ექსტრემალური მოდერნი - სწორედ ესაა დღევანდელი თბილისის სახე.
1000 მოსახლეზე საქართველოში მეტი საწოლია ჰოსპიტალურ სექტორში, ვიდრე დანიასა და შვედეთში, კრიმინალის თვალსაზრისით კი ის უფრო უსაფრთხოა ვიდრე პარიზი და ლონდონი.
ქალაქში ასევე ბევრი სასტუმროა, მათ შორის პატარა ბუტიკ-ოტელები და გესტჰაუსები.
თბილისში გასამგზავრებლად დამატებითი არგუმენტები გჭირდებათ? გაატარეთ უქმეები თბილისის 5-ვასკლავიან ვილაში, რომელიც ევროპასთან შედარებით 4-ჯერ იაფი დაგიჯდებათ“.
რეიტინგის მე-7 ადგილზეა ბათუმი.
„ბათუმი არის ქალაქი შავი ზღვის სანაპიროზე და ის შესანიშნავი ხედების, მაღალი კულტურის და ლეგენდარული სტუმართმოყვარეობის ნაზავს წარმოადგენს. მშვენიერი ქალაქი ტურისტებს ძველი ისტორიული არქიტექტურის და თანამედროვე სტილის შერწყმის გაზიარებას სთავაზობს.
ბათუმი ევროპულ ქალაქებს შორის ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა როგორც კრიმინალის, ასევე კორონავირუსის თვალსაზრისით.
აჭარა სავსეა მრავალფეროვნებით - ზღვის პლიაჟები, მაღალი მთები, კულტურული ძეგლები, მონასტრები, შესანიშნავი ტბები და ძველებური სოფლები. აქ თქვენ უგემრიელესი ღვინო და სამზარეულო, ეკოტურიზმის უამრავი საშუალებები, და გულღია მასპინძლები დაგხვდებიან.
ბათუმში 30-ზე მეტი საავადმყოფოა და არც ერთი მათ შორის ეპიდემიის დრო გადავსებული არ იყო“ - ნათქვამია პუბლიკაციაში.
სხვა ტურისტულ მიმართულებებს შორისაა კორფუ (საბერძნეთი), კავტატი (ხორვატია), აზორის კუნძულები (პორტუგალია), სიბიუ (რუმინეთი), კოტორი (ჩერნოგორია), ვარშავა (პოლონეთი), და ა.შ.