დიზაინერმა ელენა შავდიამ თბილისში არსებული სამი მაღაზიიდან შარდენზე მდებარე ფილიალი დახურა. როგორც ბრენდი „შავდიას“ დამფუძნებელმა ელენე შავდიამ „კომერსანტს“ განუმარტა, ფილიალი ტურისტულ ზონაში იყო და ძირითადად ტურისტებზე მუშაობდა, ამიტომ არსებულ ვითარებაში მომხმარებლების სიმცირის გამო ფილიალის დახურვა გადაწყვიტა.
„შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ტურისტულ ზონაში არსებული მაღაზია დავკეტეთ. ის ფილიალი ლესელიძეზე მდებარეობდა და ძირითადად ტურისტებზე იყო გათვლილი. პროდუქცია დანარჩენ მაღაზიებში გადავანაწილეთ. ზოგადად სამი ფილიალი გვაქვს და შარდენზე მდებარე მაღაზია, როგორც სხვა იქ არსებული ბიზნესი ტურიზმზეა გათვლილი“, - განმარტა ელენე შავდიამ.
დიზაინერი ასევე აღნიშნავს, რომ წინა წლებთან შედარებით გაყიდვები განახევრებულია, მიუხედავად იმისა რომ პანდემიის პერიოდში მომხმარებლებისთვის სხვადასხვა სასაჩუქრე შეთავაზებები აქვთ.
„პანდემიის პერიოდში სხვადასხვა დიზაინის პირბადეების წარმოება დავიწყეთ და მომხმარებელს ნივთის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად გადავცემთ. პირბადეებს ცალკე არ ვყიდით, ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის შეძენის შემთხვევაში საჩუქრად ვაძლევთ. იმ პერიოდში როცა პირბადეების დეფიციტი იყო და არ იშოვებოდა დაახლოებით 1000 ცალი უფასოდ დავარიგეთ. ასევე პოლიციას, სხვადასხვა მაღაზიებს და ორგანიზაციებს გადავეცით“, - განმარტავს ელენე შავდია.