თბილისში Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნა კიდევ ერთხელ გადაიდო. პროექტი ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის კომპანია „რედიქსს“ ეკუთვნის. ამის შესახებ ბიზნესმენმა „კომერსანტს“ თავად განუცხადა. მისი განმატებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე Hilton-ის ბრენდის პირველი სასტუმროს გახსნამ ტურისტების არარსებობის გამო, კიდევ ერთხელ გადაიწია.
„Hilton-ის გახსნა გადადებულია. ფანჯარაში ვიხედებით, როდესაც მსოფლიოში კარგი სიტუაცია იქნება ანუ როცა ტურისტები შემოსვლას დაიწყებენ, სასტუმროც ამის შემდეგ გაიხსნება. ტურისტების გარეშე ამ გლობალური და საერთაშორისო ბრენდის გახსნას აზრი არ აქვს, რადგან ის ადგილობრივი ბაზრით ვერ იცხოვრებს. თუ როგორც ნავარაუდევია აგვისტოში ფრენები აღდგა, მაშინვე არა, მაგრამ სექტემბერ-ოქტომბერში ალბათ გაიხსნება“, - განაცხადა ლაშა პაპაშვილმა.
როგორც ცნობილია, სასტუმროს გახსნის თარიღი რამდენჯერმე შეიცვალა. Hilton-ის პირველი სასტუმრო დედაქალაქში ჯერ 2020 წლის თებერვალში, შემდეგ კი მარტში უნდა გახსნილიყო. სასტუმროს გახსნას ხელი ბოლოს ჭავჭავაძის გამზირზე გზის ინფრასტრუქტურულმა სამუშოების მიმდინარეობამაც შეუშალა.
Hilton Garden inn.-ს ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი EBRD-ის თანადაფინანსებით ჭავჭავაძის გამზირზე აშენებს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31 მილიონი დოლარია. 14-სართულიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც 165 ნომერი იქნება განთავსებული, საშუალო სეგმენტსა და ბიზნეს მოგზაურებზე იქნება გათვლილი.
Hilton-ის ბრენდის ქვეშ სასტუმრო უკვე ფუნქციონირებს ბათუმში, რომელიც 2015 წელს გაიხსნა. Hilton-ის ბრენდის ქვეშ შენდება სასტუმრო თბილისში, სოფლის მეურნეობის სასტუმროს ყოფილ შენობაში, მისი გახსნა 2020 წელსაა დაგეგმილი. ამავე ბრენდის ქვეშ სასტუმროს მშენებლობას გეგმავს თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე ბიზნესმენი დავით კოდუა.
ნინო თამაზაშვილი