საქართველოს მთავრობა ქვეყანაში არსებული ავტოსადგურების რეგულირებას და მათ ლიცენზირებას გეგმავს. ახალი ინიციატივის მიღების შემთხვევაში, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს წლის ბოლომდე უნდა წარედგინოს, საერთაშორისო და საქალაქთაშორისო სამგზავრო გადაყვანები მკვეთრად რეგულირებადი სფერო გახდება. მთავრობის შეფასებით, კანონი საგრძნობლად გააუმჯობესებს იმ სერვისის ხარისხს, რომელსაც მოქალაქეები იღებენ. ცვლილებები შედის საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ კანონში, ასევე ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ კანონსა და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ კანონებში.
„კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას. უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრა, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდა, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა,” - ნათქვამია დოკუმენტში.
„ცნობილია, რომ მთავრობა აქტიურად განიხილავს საკითხს საქალაქთაშორისო გადაყვანის სფეროში არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად და კანონში ცვლილებების შეტანაც იგეგმება. ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც არეგულირებს ავტოსადგურების ფუნქციონირებას ამ ეტაპზე დარღვეულია. რეგლამენტი, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს ყველა ადგილი, საიდანაც გადის საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და მთავრობის დადგენილება მგზავრის გადაყვანისა და ტვირთის გადაზიდვის შესახებ - სწორედ ეს უნდა დააკმაყოფილოს ყველამ და ამის კონტროლი არ ხდება.
თუ მთავრობა ამ სფეროში წესრიგს დაამყარებს და მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა განხორციელდება, ამით წახალისებული იქნება კანონიერი ბიზნესი და აღმოიფხვრება ის უკანონობა, რაც ავტოსადგურების მიმდებარე ტერიტორიაზე ხდება. გახსნილია უკანონო სადგურები და ამას არავინ აკონტროლებს, შესაბამისად, ისინი არც თვლიან თავს ვალდებულად ტექინსპექტირება გაიარონ ან მგზავრების უსაფრთხოებაზე იზრუნონ, სრული უკონტროლობაა სისტემაში“, — აცხადებს „დიდუბის ავტოსადგურის“ ხელმძღვანელი, ნესტორ მიქატაძე.
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში ჯამში 24 საქალაქთაშორისო ავტოსადგურია, აქედან პირველი კლასის ავტოსადგური მხოლოდ სამია - შპს „ოკრიბა“, სს „თბილისის ცენტრალური ავტოვაგზალი“ და შპს „ლილო ჩარტერი“. მეორე კლასისაა 6 ავტოსადგური, ხოლო მესამე კლასის - 15.