„ჩინელები საქართველოში აშენებენ, ჩვენ სომხეთში ვაშენებთ“ - რატომ თანამშრომლობს სახელმწიფო რეპუტაციაშელახულ ჩინური კომპანიებთან

„ჩინელები საქართველოში აშენებენ, ჩვენ სომხეთში ვაშენებთ“ - რატომ თანამშრომლობს სახელმწიფო რეპუტაციაშელახულ ჩინური კომპანიებთან

access_time2020-12-09 10:00:49

„ჩინელები საქართველოში აშენებენ, ჩვენ სომხეთში ვაშენებთ“,- ასე ეხმაურება „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი პაატა ტრაპაიძე საქართველოში პოლონეთის ელჩის, მარიუშ მაშკიევიჩის კრიტიკას ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის ჩინური კომპანიების შერჩევასთან დაკავშირებით. მაშინ როცა ქართული კომპანია ინფრასტრუქტურულ პროექტებს საზღვარგარეთ ახორციელებს, ელჩი ინტერესდება თუ რატომ იწვევს საქართველო  ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის. იგი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებს შეუძლია შესთავაზოს მაღალი ხარისხი საიმედო ფასად. რეალურად, ის რაზეც ელჩი საუბრობს, საქართველოსთვის კარგად ნაცნობი პრობლემაა. წლებია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაციაშელახული, ჩინური კომპანიები საქართველოში ტენდერებში მონაწილეობენ და იმარჯვებენ. მიუხედავად იმისა, რომ უცხოური მედიის მიერ კომპანიების დიდი ნაწილი კორუფციულ გარიგებებში იქნა მხილებული და სხვადახვა ქვეყანაში არაერთი სისხლის სამართლის საქმეც აღიძრა, საქართველოს მთავრობა ამ კომპანიებთან თანამშრომლობას აქტიურად აგრძელებს. დარგის სპეციალისტები აცხადებენ იმასაც, რომ ასეულ მილიონიანი ხელშეკრულებები კონკრეტულ ბიზნესს სუბიექტებზე მორგებული პირობებით ფორმდება. სწორედ ამიტომ „კომერსანტი“ დაინტერსდა არის თუ არა ქვეყანაში თამაშის სამართლიანი წესები და რამდენად ხარისხიანად სრულდება ინფრასტრუქტურული პროექტები.

 

საქართველოს მთვრობამ ელჩის კითხვას, „რატომ იწვევს საქართველოს ხელისუფლება ჩინურ კომპანიებს გზების მშენებლობისთვის“ პასუხი არ გასცა, თუმცა მარიუშ მაშკიევიჩს ქართული ოცნების ყოფელი მინისტრი, „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინათინ ხიდაშელი პასუხობს. 2018 წლიდან სწორედ ხიდაშელის ორგანიზაცია აწარმოებს კვლევებს ჩინური კომპანიების საქართველოში საქმიანობის შესახებ:

 

„სამწუხაროდ, უკვე რამდენიმე წელია ჩვეულებრივ ამბად იქცა, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში რეპუტაცია შელახული, ჩინური კომპანიების საქართველოში ტენდერებში მონაწილეობა და გამარჯვება. მათთან კორუფციული გარიგებების გამო მრავალ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმე აღძრულია, პატიმრობაში იმყოფებიან სხვადასხვა ქვეყნების პრემიერები, მინისტრები და სხვადასხვა მაღალი თანამდებობის პირები. მიუხედავად ზღვა ინფორმაციისა და უამრავი მტკიცებულებისა არ არსებული ბიზნეს ეთიკისა და კორუფციული გარიგებების შესახებ, საქართველოს მთავრობა აქტიურად აგრძელებს ამ კომპანიებთან თანამშრომლობას, რაც სრულიად ბუნებრივად აჩენს კორუფციული გარიგებების ეჭვებს“, - აცხადებს თინათინ ხიდაშელი.

 

„სამოქალაქო იდეის“  კვლევების ობიექტივში სხვადასხვა დროს აღმოჩნდა კომპანია „CEFC“, არსამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ამ კომპანიის პრაქტიკულად ყველა მაღალი თანამდებობის პირი უმძიმესი ბრალდებებით ნიუ- იორკის ციხეში იმყოფება,  ამის მიუხედავად, სწორედ, ამ მოვლენების შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ „CEFC“ -ს ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75 პროცენტი გადასცა. როგორც თინა ხიდაშელი აცხადებს, ეს ის კომპანია, სადაც გადამდგარი პრემიერი ღარიბაშვილი, სწორედ ამ მოვლენების შემდეგ დასაქმდა. მისი თქმით, ყოფილი მაღალჩინოსნების გამოყენებით ქვეყანაში სტრატეგიული პროექტების ხელში ჩაგდება CEFC-ის  სამარკო ნიშანია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და არც საქართველო იყო გამონაკლისი ამ თვალსაზრისით.

 

მეორე კომპანია, რომელიც ხიდაშელის ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა არის სინოჰდრ. „სამოქალაქო იდეის“  ინფორმაციით კომპანია თავისი საქმიანობის გამო მრავალი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის მიერ შავ სიაში იყო შეყვანილი. თუმცა თინა ხიდაშელი ამბობს, რომ ვერც ამან შეუშალა ხელი საქართველოს მთავრობას მათთან მრავალი ასეული მილიონის ხელშეკრულებები გაეფორმებინა. არასამთავრობო ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მთავრობის ოფიციალური წყაროების მიხედვითვე სინოჰიდრომ, ვერც ერთ მასზე დაკისრებულ ვალდებულებას ვერ გაართვა თავი, ვერც დადგენილ დროში და ვერც დადგენილი პირობებით. თუმცა მთავრობამ 2020 წელს მორიგი ხელშეკრულება გააფორმა მასთან.

 

მესამე კომპანია, რომლის საქმიანობის კვლევაც „სამოქალაქო იდეამ“ განახორციელა გახლავთ კომპანია „TBEA ltd“, რომელიც მათი ინფორმაციით ასევე საერთაშორისოდ, მსოფლიოს სხვადასხვა კონტინენტზე „ძალიან ცნობილი“ რეპუტაცია შელახული კომპანიაა. ხიდაშელი ამბობს, რომ კორუფცია და მანიპულაციები არის ჩვეულებრივი ამბავი ინტერნეტ სივრცეში „TBEA ltd“ შესახებ არსებულ ისტორიებში. თუმცა, ამის მიუხედავად, ხიდაშელი აცხადებს, რომ საქართველოში ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ყველა კონკურენტი ჩამოაშორონ, რათა ყოველ ჯერზე უზრუნველყოფილი იყოს მისი გამარჯვება. 

 

„- თუკი TBEA ltd“ ვერ ახერხებს იყოს საუკეთესო შემოთავაზებელთა შორის, ტენდერი იშლება და ცხადდება ახალი , სწორედ TBEA ltd“ მორგებული პირობებით;

- მიუხედავად ახალი ტენდერისა თუკი TBEA ltd“ მაინც ვერ ახერხებს გამარჯვებას, სრულიად აბსურდული მიზეზებით ხდება კონკურენტების დისკვალიფიკაცია, და სხვა.

- მაგალითად, ერთ- ერთ ჩაშლილ და ხელმეორედ გამოცხადებულ ტენდერში TBEA ltd“ მე-4 ადგილზე გავიდა კონკურენტებს შორის, თუმცა ამან ხელი ვერ შეუშალა სატენდერო კომისიას 3 კომპანიის დისკვალიფიკაცია მოეხდინა, სწორედ ჩინური TBEA ltd“ გასამარჯვებლად.

 

აღნიშნულ კომპანიებს გარდა იმისა რომ ვერ უზრუნველყოფენ მომსახურების ხარისხიან, დროულ და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებში მიწოდებას ქვეყანაში შემოაქვთ უსამართლო თამაშის წესები და აბსოლუტურად უკარგავენ აზრს კანონმდებლობით დადგენილ გამჭვირვალე სატენდერო სისტემას,“ - აღნიშნავს თინათინ ხიდაშელი.



პაატა ტრაპაიძე სწორედ იმ კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორია, რომელიც პორექტებს საზღვარგარეთ ახორციელებს. „კომერსანტთან“ საუბარში იგი აცხადებს, რომ უცხოურ საინვესტიციო კრედიტით დაფინანსებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ჩინური სახელმწიფო კომპანიები ასრულებენ, ქართულ სახელმწიფო კომპანიებს კი მისი განმარტებით, ტენდერში მონაწილეობის მიღების უფლებაც არ აქვთ. „კავკასუს როუდ პროჯექტის“ დამფუძნებელი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ ჩინური ინფრასტრუქტურულ სექტორში ჩინური სახელმწიფო კომპანიის „დომინირებით“, ერთის მხრივ ქვეყანა არ ზარალდება, რადგან ისინი დაბალი ფასებით ოპერირებენ, თუმცა პაატა ტრაპაიძის განცხადებით ზარალდებიან ქართულ კომპანიები, რომელთაც გაზრდის და განვითარების საშუალება არ ეძლევათ.


 

 

„ზოგადად ამბობენ, რომ ფულს ვინც იხდის მუსიკასაც ის უკვეთავსო. ფული არის საფინანსო ინსტიტუტების, ისინი რატომ თანხმდებიან ამ პირობებს? ქართულ სახელმწიფო კომპანიას, უცხოური საფინანსო ინსტიტუტების მიერ დაფინანსებულ ტენდერებში მონაწილეობის მიღების უფლება არ აქვს. ჩვენთან ტენდერებში მარტო ჩინური სახელმწიფო კომპანიები მონაწილეობენ. ჩინეთშიც არიან ძალიან კარგი კომპანიები, რომლებიც დიდი საქმეებს აკეთებენ, ეროვნებას მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ჩემთვის წითელი ხაზი არის ის, რომ ყველა კომპანია, რომელიც საქართველოში მუშაობს არის ჩინური სახელმწიფო კომპანია. ბაზარზე ჩინური კომერციული კომპანია, რომ შემოვიდეს არანაირი პრობლემა არ არის. როგორ შეიძლება ჩვეულებრივმა კომერციულმა ორგანიზაციამ, კონკურენცია გაუწიოს სახელმწიფო კომპანიას, რომელსაც ჩინეთის კომუნისტური პარტიის პოლიტიკური ბიუროს დავალებით აქვს პროექტები გაკეთებული.  დღემდე ვერ დავადგინე როგორ იმარჯვებენ ჩინური სახელმწიფო კომპანიები, ამ კითხვით მივმართე მსოფლიო ბანკსაც, აზიის განვითარების ბანკსაც და ევროპის საინვესტიციო ბანკსაც - პასუხი ვერ მივიღე.

 

ერთის მხრივ ქვეყანა ამით არ ზარალდება, რადგან მათ დაბალი ფასები აქვთ, მაგრამ ზარალდება იმ კუთხით, რომ არც ერთ ქართულ კომპანიას გაზრდაში ხელს არ უწყობენ, თანამშრომლებადაც არ აჰყავთ. სიტუაცია რადიკალურად განსხვავებული იყო როდესაც გერმანული და ფრანგული კომპანიები შემოდიოდნენ, ჩემი თანამშრომლების დიდი ნაწილი მათი გაზრდილია, ეს ყველაზე დიდი ღირებულებაა“, - განმარტავს პაატა ტრაპაიძე.

 

არასამთავრობო ორგანიზაცია HUB Georgia-ს დამფუძნებელი გიორგი კოდუა კი აცხადებს, რომ ჩინური კომპანიების განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხი უფრო დაბალია, ვიდრე ევროპული კომპანიების. მისი თქმით, ეს ფაქტი მსოფლიოში ყველასთვის ცნობილია, თუმცა, პრობლემას კოდუა ხედავს იმაში, რომ ქვეყანაში, ბოლო პერიოდში განხორციელებული ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი მოკლევადიანია. როგორც HUB Georgia-ს დამფუძნებელი აცხადებს ხელისუფლება აქცენტს პიარ კამპანიაზე აკეთებს და ქვეყანაში მოკლევადიან, იაფი ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს.

 

„თუ გინდა ინფრასტრუქტურული პროექტი იაფად და სწრაფად გააკეთო, მაშინ პროექტები ჩინურმა კომპანიებმა უნდა განახორციელონ, მაგრამ თუ გვინდა ხარისხიანად გავაკეთოთ და ეს გზა ემსახურებოდეს არა 10 წლიან საქართველოს, არამედ 30 წლიანს მაშინ არჩევანი ევროპულზე უნდა შევაჩეროთ. შეიძლება უფრო დიდი თანხა დაიხარჯოს, მაგრამ უახლოეს მომავალში რეაბილიტაცია და რეინვესტიცია არ დასჭირდეს. ინფრასტრუქტურული პროექტები ევროპული ფულით და ევროპულმა კომპანიებმა, რომ განახორციელონ უფრო სტაბილური შედეგებს მივიღებთ. მაგალითად, საბჭოთა დროინდელი ინფრასტრუქტურა დღემდე ექსპლუატაციაშია. მაშინ ჩინელებს მეტრო, რომ გაეკეთებინათ დღეს ჩვენ მეტრო არ გვექნებოდა. მთავრობა ყურადღებას პიარს აქცევს, ამიტომ მოკლევადიან, შედარებით იაფ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს, მაგრამ საქართველოს ეს პროექტები ორმაგი ფასი ჯდება“, - აცხადებს გიორგი კოდუა.  

 

გიორგი კოდუას მიაჩნია, რომ მთავარი ქართული კომპანიების გაძლიერებაა. მისი თქმით, ევროპული ფული ამ მიმართული უნდა ჩაიდოს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. ევროპული ფულის ჩინეთში გადინება HUB Georgia-ს დამფუძნებლის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაზე უარყოფითად აისახება. გიორგი კოდუა „კომერსანტთან“ საუბრისას ყურადღებას ქართულ- ევროპულ ურთიერთობებზეც ამახვილებს და ამბობს რომ თანამშრომლობა ორმხრივი უნდა იყოს:

 

ევროკავშირთან მიმართებით უნდა ვიყოთ ორ მხრივ ურთიერთობაში, რა თქმა უნდა დღეს ევროკავშირისგან გვაქვს დახმარება და მადლობა მათ გვერდში დგომისთვის, მაგრამ როგორც ტრანსპორტის სექტორში მომუშავე ექსპერტი ვიტყვი, რომ უფრო კარგი იქნებოდა თუ ბაზარს ორმხრივად ავითვისებდით. დღეს საქართველოს ბაზარი ევროპული კომპანიებისთვის ღიაა, თუმცა ევროპის ბაზარი ჩვენთვის დახურულია. ამის ობიექტური მიზეზი არის ის, რომ ჩვენი კომპანიები მაღალ სტანდარტებს არ ექვემდებარებიან და ეს ძალიან კომპლექსური საკითხია, მაგრამ კარგი იქნება თუ ბალანსი ყოველთვის იქნება დაცული. ჩვენი და მათი პროპორციული განვითარება უნდა მოხდეს. ეს ბალანსი თუ დავიცავით, მგონია, რომ ეკონომიკას უფრო წაადგება“, - ამბობს გიორგი კოდუა.

 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორს ანა საბახტარიშვილს ცალსახად იმის თქმა, რომ საქართველო ევროკავშირის ფულით ჩინეთთან თანამშრომლობს, უჭირს. მისი თქმით, მონეტიზაცია, თუ ვისი ფული რომელი კომპანიის ჯიბეში მიდის ძალიან რთულია.

 

„განცხადების ფორმულირებას ვერც დავეთანხმები და ვერც უარვყოფ, რამდენადაც აზიის განვითარების ბანკისგან საკმაოდ დიდი დაფინანსება მოდის. ცალსახად იმის თქმა, რომ საქართველო ევროკავშირის ფულით ჩინეთთან თანამშრომლობს გაგვიჭირდება, მაშინ სკულპულოზურად უნდა დავთვალოთ, რომელი ტენდერი, რომელი კომპანიის მოგებით დამთავრდა. ელჩი ყურადღებას ხარისხზე ამახვილებს, ბუნებრივია ხარისხი უნდა იყოს წამყვანი ფაქტორი, როცა ინფრასტრუქტურულ პროექტს გრძელვადიან პერსპექტივაში ვაფასებთ. უხარისხოდ შესრულებული სამუშაო, მხოლოდ დაბალი ფასის დამსახურებით მოგებული ტენდერი სახელმწიფოს ყოველთვის უფრო ძვირი უჯდება, რადგან ხშირია ხოლმე სხვადახვა პრობლემა. უნდა ითქვას ისიც, რომ ხარისხის მიბმა, კონკრეტული კომპანიის წარმომავლობასთან ძალიან გაგვიჭირდება და არასწორი იქნება. ნებისმიერ ქვეყანაში არის, როგორც მაღალი დონის კომპანიები, ასევე შედარებით დაბალ ხარისხზე მომუშავე კომპანიები“, განაცხადა ანა საბახტარიშვილმა.   

 

ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტუმენტებით  დაფინანსებულ პროექტებში ქართული კომპანიები უმნიშვნელო როლს თამაშობენ. მისი განმარტებით, ამ კუთხით ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ნეიტრალური იყოს.  ანა საბახტარიშვილის თქმით, მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისთვის, რომ ქართული კომპანიების მონაწილეობის მნიშვნელობა გაიზარდოს. ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, რომ პრიორიტეტი უნდა იყოს ინტერესი, რომელიც ქართულ მხარეს გააჩნია - ეს კი მისი განმარტებით არის ქვეყანაში დარჩენილი ცოდნა, გამოცდილება და ფული.

 

ქართული კომპანიები სამწუხაროდ ჯერ მხოლოდ ქართული ბაზრით კმაყოფილდებიან, შესაბამისად, ბაზარი საკმაოდ შეზღუდულია, ბუნებრივია მათ უნდა მიეცეთ ოპერირების შესაძლებლობა და ნებისმიერი ისეთი გარდამავალი ეტაპი, რომელიც ხელს შეუწყობს კომპანიას გაიზარდოს, დააგროვოს გამოცდილება, როგორც დოკუმენტურად ისე რეალურად, რათა შემდეგ დამოუკიდებლად შეძლოს მსხვილ მასშტაბიანი ტენდერების მოგება.  ეს იქნება ყველაზე ხარჯთეფექტური, იმ თვალსაზრისით, რომ ამ შემთხვევაში გამოცდილებაც,  თანხაც და ყველა ბენეფიტი საქართველოში რჩება, რაც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ შესაძლო კრიზის ფონზე, რასაც კოვიდი იწვეს“, - ამბობს ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

 

შეგახსენებთ, რომ პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა Forbes Georgia-სა და BMG-სთან ინტერვიუში გაოცება გამოხატა საქართველოს მთავრობის მიერ გზებისა და გვირაბების სამშენებლო პროექტებისთვის ჩინური კომპანიების მოწვევის გამო და განაცხადა, რომ პოლონეთს ამ სამუშაოების უკეთესად შესრულება შეუძლია.



ბაჩო ადამია




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up