"თუ გავთავისუფლდებით მოჩვენებითი სიმართლისა და სიკეთისგან, მაშინ მიგვიღებს უფალი" - მიტროპოლიტი შიო

access_time2021-01-31 14:26:58

თუ ჩვენ გვექნება იმედი მხოლოდ ღვთის სიყვარულისა და წყალობისა, თუ გავთავისუფლდებით ჩვენი მოჩვენებითი სიმართლისა და სიკეთისგან, მაშინ მიგვიღებს უფალი , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ადამიანისთვის, რომელსაც აქვს წარმოდგენა, რომ ის არის მართალი, ყველაფერს იცავს, ეკუთვნის რაღაც, უფლებები აქვს ღვთის წინაშე, უფალი ამბობს, რომ სასუფეველი დახშულია.

„დღეს წაკითხული იყო სახარებიდან უფალ იესო ქრისტეს საუბარი მდიდარ მთავართან. ძალიან გვაფიქრებს, როგორც ყოველთვის, ეს სახარება.

აქ უფალი ამბობს, რომ სულიერ სარბიელზე, სულიერი ცხოვრების ასპარეზზე არსებობს ორი გზა. ერთი არის სულის გადარჩენის გზა და მეორე არის სულიერი სრულყოფილების გზა, მათ შორის, ესეც ჩანს ამ სახარებაში.

ეს მთავარი ეკითხება უფალს: „მოძღვარო სახიერო, კეთილო მოძღვარო, რა გავაკეთო, რომ სასუფეველი დავიმკვიდრო?“ უფალი პასუხობს: „მცნებები იცი – არა კაც კლა, არა იპარო, არა იმრუშო, არა ცილი სწამო და ა.შ.“ (ლუკ. 18, 18-20).

აი, ეს ნაწილი, ასე ვთქვათ, არის სულის გადარჩენის გზა, რომელიც ყველა ადამიანისთვის არის მოცემული; ეს არის უფლის მცნებები, მართლმადიდებელ ეკლესიაში ნათლობა, ეკლესიის წევრობა, მცნებების აღსრულება, ეკლესიური ცხოვრება, ქრისტეს წმინდა სისხლისა და ხორცის ზიარება და ა.შ. ეს არის აუცილებელი პირობები იმისათვის, რომ ადამიანმა სული გადაირჩინოს.

პასუხად ეს მთავარი ამბობს, რომ „მე ყოველივე ეს ბავშვობიდან დამიცავსო“ (ლუკ. 18,21). ე.ი. როგორი გამორჩეული ადამიანი იყო, რომ ბავშვობიდან იცავდა მოსეს სჯულსა და ათ მცნებას. მაგრამ თან იცავს და თან ეკითხება უფალს, რა გავაკეთო, რომ დავიმკვიდრო სასუფეველიო.

რას ნიშნავს ეს?! ის თან იცავს, მაგრამ გულის სიღრმეში გრძნობს, რომ იგი თავს იმართლებს ახლა ძველი აღთქმის სჯულით, რომელიც ადამიანს შინაგანად არ ცვლის, არ განწმინდავს, ის ხვდება, რომ გადარჩენისთვის კიდევ სხვა რამ არის საჭირო, უფრო ღრმა რამ არის ამ სჯულის უკან, რაც არის სული კანონისა და სჯულისა, რაც შემდგომ იესო ქრისტემ მოიტანა. ამას ის გრძნობს და ამიტომაც ეკითხება, რა გავაკეთოო; გრძნობს, რომ არ არის საკმარისი. თითქოს ის ყველაფერს იცავს, მაგრამ, ამასთან ერთად, მისი უარყოფითი მხარეა კიდევ ერთი რამ: მას ჰგონია, რომ ის ყველაფერს იცავს - „ბავშვობიდან ყველაფერს ვიცავ, პირნათელი ვარ ადამიანებისა და ღვთის წინაშე“, ანუ მას საკუთარ თავზე, როგორც მართალ ადამიანზე, ჰქონდა დიდი წარმოდგენა.

ამიტომ უფალი იესო ქრისტე მას ამდაბლებს, რათა არ ეგონოს, რომ იგი უკვე სრულყოფილებას მიღწეულია და ეტყვის, რომ შენ ერთი რამ გაკლია. უფალი ხომ გულთამხილველია, მან ხომ ყოველივე უწყის?! ჯერ ერთი, როგორ იცავადა? როგორ შეიძლება ადამიანს მთელი სჯული დაეცვა.


ამიტომ უფალი მიანიშნებს, ანუ ამდაბლებს მას: „შენ არ ხარ ჯერ სრულყოფილი, ერთი რამ გაკლია. აი, რა გაკლია: რაც კი რამ ქონება გაბადია, გაყიდე, გლახაკებს დაურიგე და გექნება საუნჯე ზეცაში და შემდეგ გამომყევი მე“ (ლუკ. 18,22). ეს არის ლუკას სახარებაში. მათეს სახარებაშიც ანალოგური მონაკვეთია, მათე დასძენს კიდევ ერთ სიტყვას, რაც ლუკასთან არ წერია: „თუ გინდა სრულყოფილი იყო“, გაყიდე ეს ყველაფერი, რაც გაბადია, დაურიგე გლახაკებს და შემომიდექი მე.

აი, მეორე გზა, ეს არის უკვე სრულყოფილების გზა, რომელიც, რა თქმა უნდა, ყველასთვის სავალდებულო არ არის, გარდა იმ ადამიანებისა, ვინც ამ გზას აირჩევს.

შემდეგ მოთხრობილია, რომ ეს მთავარი დამწუხრდა, რადგან იყო ძალიან მდიდარი და უარი თქვა, არ იყო მზად ამისთვის (ლუკ. 18,23).

რას სთავაზობს აქ უფალი იესო ქრისტე, ძვირფასო ძმებო და დებო, ამ ადამიანს?! – სთავაზობს მოციქულობას. რომ დათანხმებულიყო, ის გახდებოდა, როგორც პეტრე, პავლე, ანდრია და სხვები. მისი სახელობის ტაძრები და ხატები გვექნებოდა, დღეს კი მისი სახელიც არ ვიცით, ვიცით მხოლოდ, რომ იყო ასეთი მთავარი, რომელიც ზოგან ჭაბუკად არის მოხსენიებული, რომელიც მზად არ იყო და დამწუხრდა.

უფალმა ის დამწუხრებული რომ იხილა, თქვა: „რა ძნელია მდიდართათვის ღმრთის სასუფეველში შესვლა. ვინაიდან აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღმრთის სასუფეველში“ (ლუკ. 18, 24-25). მოციქულებს უკვირთ: „მაშ, ვინღა ცხონდება?! თუ მდიდარი არ გადარჩება, აბა, ვინო?!“ მაშინ ისეთი წარმოდგენა იყო, რომ სიმდიდრე – ეს არის სიკეთის, სიმართლისა და ღვთის წყალობის ნიშანი, თუ ადამიანი ღარიბი იყო, მაშასადამე, მას ეს ყველაფერი აკლდა. ამიტომ უკვირთ მოციქულებს, როგორ ვერ ცხონდებოდა მდიდარი. უფალი პასუხობს მათ: „კაცთათვის შეუძლებელი შესაძლებელია ღმერთისთვის“ (ლუკ. 18,26-27).

აი, ასეთი საოცარი სიტყვებია. ამრიგად, აქ ჩანს, რომ ეს მთავარი მდიდარი იყო არა მარტო ფულით და მატერიალურად, არამედ „მდიდარი იყო“ ამ თავისი ღირსეულობისა და სიმართლის აზრით, რაც ყველაზე ცუდია სულიერ ცხოვრებაში. მას ეგონა, რომ ის მართალი იყო, მას ეკუთვნოდა ეს სასუფეველი და აი, ამითი იყო მდიდარი. პირველ რიგში, ეს არის ყველაზე ცუდი სიმდიდრე.

გახსოვთ, უფლის მთავარი ცხრა ნეტარების პირველი ნეტარება: „ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა“, რამეთუ რა არის მათი?! – მათი არის სასუფეველი. რას ნიშნავს „სულით გლახაკნი“? – ადამიანი, რომელიც აცნობიერებს, რომ მას სულიწმინდა არ აქვს, რომ ღვთის გარეშე არაფერს წარმოადგენს და ვერცერთ მცნებას ვერ დაიცავს და ევედრება უფალს, როგორც გლახაკი, რომ მომეცი, უფალო, მადლი სულისა წმინდისა. აი, ის არის ნეტარი; ხოლო ადამიანისთვის, რომელსაც აქვს წარმოდგენა, რომ ის არის მართალი, ყველაფერს იცავს, მას ეკუთვნის რაღაც, უფლებები აქვს ღვთის წინაშე, – უფალი ამბობს, რომ აი, ასეთებისთვის დახშულია სასუფეველი. რატომ? იმიტომ, რომ სასუფეველი – ეს არის სიყვარულის სამეფო, ორმხრივი სიყვარულისა – ღვთისა და ადამიანის. ეს არ არის უფლებების სამეფო, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი უფლებებით მივიდეთ – „აი, მე როგორი კარგი ვარ, როგორ გავაკეთე, დამსახურება მაქვს, მეკუთვნის“. თუ მიიჩნევ, რომ გეკუთვნის, სწორედ იქ არ გეკუთვნის არაფერი და იქ იკეტება სასუფევლის კარი. სწორედ ამაზეა საუბარი და არა მხოლოდ მატერიალურ სიმდიდრეზე; თუმცა ესეც არის, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ბევრი ვიცით ფულით მდიდარი ადამიანი, რომლებიც იძულებული ხდებიან, ამ ფულს ემსახურონ. ძალიან რთული ვითარება აქვთ ცხოვრებაში, ძალიან ბევრ ყურადღებას, სამსახურს, მომსახურებას მოითხოვს ეს მატერიალური სიმდიდრე და აღარ სცალიათ სულის გადარჩენისთვის, სულიერებაზე ზრუნვისთვის და ამიტომ ამბობს უფალი: „შეუძლებელია“.

მაგრამ მარტო მდიდრისთვის კი არ არის შეუძლებელი სულის ცხონება, არამედ – საერთოდ ყველასთვის. თუ ჩვენ გვგონია, რომ ჩვენი დამსახურებით, ჩვენი უფლებებით, კარგი ქცევით შეგვიძლია ვიცხონოთ სული, ესეც დიდი შეცდომაა. ამას ამბობს უფალი, რომ „კაცთაგან ეს შეუძლებელია“, ეს არის მხოლოდ ღვთის საჩუქარი, ღვთის წყალობა. ანუ სასუფეველი არის წყალობისა და სიყვარულის სამეფო და თუ ჩვენ გვექნება იმედი მხოლოდ ღვთის სიყვარულისა, მხოლოდ მისი წყალობისა, თუ ჩვენ დავგლახაკდებით, ამ სიტყვის კარგი გაგებით, გავთავისუფლდებით ჩვენი მოჩვენებითი სიმართლისა და სიკეთისგან, აი, მაშინ მიგვიღებს უფალი.

სხვათა შორის, დღეს სამოციქულოშიც პავლე მოციქულიც ამბობს: „შეიმოსეთ სიმდაბლეო“ (კოლას. 3.12). აი, ამას გვასწავლის დღევანდელი სახარება, რომ თუ ჩვენ სიმდაბლის სულს შევიმოსავთ, მოვიხვეჭთ, მაშინ ჩვენთან შემოვა სასუფეველი.

აქ სარკისებურად არის ხოლმე ნათქვამი: ჩვენ ვიმკვიდრებთ სასუფეველს, მაგრამ ასევე უფალი ამბობს, რომ შენგან, შენში, აქედანვე, ამავე ცხოვრებაში იწყება ეს და მაშინ შემოვა ჩვენთან სასუფეველი ცათა. რატომ? იმიტომ, რომ უფალი ამბობს: „ნეტარ არიან გლახაკნი სულითა, რამეთუ მათი არს სასუფეველი ცათა“.

ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგაძლიეროთ.

მსურს, გადმოგცეთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევა, შეგვეწიოს მისი ლოცვა ჩვენ და სრულიად საქართველოს.

დღეს არის ხსნება ჩვენი ქართული მონაზვნობის უკანასკნელი საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული ღირსი მამისა, ასკეტისა, ისიქასტისა – ღირსი ალექსი შუშანიასი, რომელიც იყო მაგალითი სიმდიდაბლისა და სიწმინდისა, სწორედ იმისა, რაზეც დღეს არის საუბარი სახარებაში, შეგვეწიოს მისი მადლი“ , - აღნიშნა მიტროპოლიტმა შიომ.

Ipn.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up