თოვლის საფარის გარეშე დანახული გუდაურის რეალური სახე - ქაოტური მშენებლობა, დანგრეული გზები, ტალახი, მიმოფანტული ნაგავი და...

თოვლის საფარის გარეშე დანახული გუდაურის რეალური სახე - ქაოტური მშენებლობა, დანგრეული გზები, ტალახი, მიმოფანტული ნაგავი და...

access_time2020-01-08 21:00:10

ზამთრის კურორტებზე არსებულ მძიმე ინფრასტრუქტურულ  პრობლემებზე „კომერსანტი“ წლებია წერს. გთავაზობთ მასალას,რომელიც ნათლად ასახავს იმას, თუ როგორ ხვებოდა გუდაური ზამთრის სეზონს. შეგახსენებთ, რეპორტაჟი გაკეთებულია 2019 წლის ივნისში.


გუდაურში ზამთრის ტურისტული სეზონი ერთი თვის წინ დასრულდა, კურორტი სრიალის და თოვლის მოყვარულებს დაემშვიდობა და ზაფხულის სეზონისთვის ემზადება.


მთებზე და გზებზე თოვლი უკვე დადნა და გამოჩნდა გუდაურის რეალური სახე — თავისი ღირსებით —  უნიკალური ლანდშაფტით და პრობლემებით — ქაოტური მშენებლობა, რომლებმაც ლამის მთებსაც დააკარგვინა სახე, დანგრეული გზები, ტალახი, მიმოფანტული ნაგავი და... 


გუდაურში ჰაერი და ბუნება, ყველა დროს უნიკალურია , მაგრამ მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, შიდა ტრანსპორტის, აფთიაქების, მაღაზიების, პარკინგის, გაჩერებების და ტუალეტების  არ არსებობა ადგილობრივ მოსახლეობას და ტურისტებს ერთნაირად უქმნის პრობლემებს. 




გზიდან გამოჩნდება თუ არა გუდაური, მაშინვე ხვდები, რომ აქ არანაირი დაგეგმარება, ან უბრალოდ  არქიტექტურული ხედვა არ არსებობს.  ვისაც სად მოუნდა და როგორც მოუნდა იქ ააშენა კორპუსი თუ სასტუმრო. სამწუხაროდ, ამას უკვე აღარაფერი ეშველება, მომავალში ალბათ ვინმე დაფიქრდება ...



აღმართზე ფეხით ასვლის შემდეგ ჩვენი პირველი მასპინძელი საოჯახო სასტუმროა, კომერსანტის მოგზაურობაც აქედან იწყება.


ნინა სეთურიძემ ცხოვრების 40 წელი კურორტის ერთ-ერთ სასტუმროში გაატარა. იხსენებს, რომ ამ ხნის მანძილზე 11 დირექტორი შეიცვალა, თვითონ კი არსად წავიდა.


გუდაურის მემატიანეს, წინა წლების  დღევანდელთან შედარება უჭირს, რადგან მისი თქმით, კურორტი ყოველწელს ვითარდება.


სწორედ გუდაურის პერსპექტივიდან გამომდინარე, ოჯახმა თბილისში ბინა გაყიდა და გუდაურში სასტუმროს აშენება გადაწყვიტა. ერთი წელია, რაც ნანა საკუთარ ჰოსტელს „დათას“ მართავს.



„ეს ერთი მივარდნილი ადგილი იყო, სადაც მხოლოდ ძველი ფოსტა იყო, სასტუმრო მარკო პოლოს გახსნის შემდეგ სოფლის მოსახლეობა აქეთ გადმოსახლდა, დასაქმდა და რომ იტყვიან საშველი დაადგათ. დღესდღეობით გუდაური მემგონი საბურთალოს აღარ ჩამოუვარდება, ისეთი დასახლებები გაჩნდა. ეს ადგილი პერსპექტიული რომ არ ყოფილი, პირველ ბარს არავინ ჩაარტყამდა. ესეთი მთები და ტრასები არსად არ არსებობს. მოდიან და ამბობენ, რომ მსოფლიო დონის კურორტია. წელს მე გაცნობის წელი მქონდა, რადგან ჰოსტელი წინა წლის შემოდგომაზე გავხსენი. თუმცა, ამის მიუხედავად მაინც ბევრი სტუმარი გვყავდა. ერთი გაჭირვებაა, აფთიაქი სეზონის დროს იხსნება და დახურვის დროს იხურება.  გვაქვს ემერჯენსი, სადაც მოსახლეობას დიდ ყურადღებას აქცევენ, მაგრამ  საავადმყოფო არ გვაქვს. დიდი პრობლემაა ისიც, რომ ჩვენს ბავშვებს საბავშვო ბაღი არ აქვთ . ისეთი მაღაზიები არ გვაქვს, სადაც ადგილობრივები პროდუქტს შევიძენთ, მარკეტების ფასები ტურისტებზეა გათვლილია. მინდა, რომ გარემოვაჭრეებისთვის სივრცეები მოწესრიგდეს, რომ ყინვაში ღია ცის ქვეშ არ იდგნენ. ტურისტი რომ მიდის, პროდუქტს ასფალტზე არ უნდა ყიდულობდეს. ხალხს საშუალება უნდა ჰქონდეს ბაზრიდან რაც მოიტანა, წესიერად გაყიდოს“, - ამბობს ნანა სეთურიძე.



გუდაურში საოჯახო სასტუმროების ფასები სეზონურად და თან ტურისტის წარმომავლობით ისაზღვრება. მაგალითად, ქართველი ტურისტისთვის ზაფხულში ერთი ნომრის ფასი 50 ლარიდან იწყება, უცხოელებისთვის ეროვნული ვალუტა დოლარით იცვლება და ციფრებიც ორმაგდება, ხან სამმაგდება. ზუსტად ფასებს ვერ გვისახელებენ.






შემდეგი დანიშნულების ადგილი სასტუმრო QUADRUM -ია, რომელიც თავისი მინიმალისტური კონცეფციით გამოირჩევა. შენობა მთლიანად სატვირთო კონტეინერებისგანაა აგებული და მას პირამიდის ფორმა აქვს. აღსანიშნავია ისიც, რომ მომავალ ზამთრის სეზონს სასტუმრო დამატებითი ნომრებით, აუზითა და სპა ცენტრით შეხვდება. QUADRUM - ის მენეჯერი ელენე ჯერენაშვილი „კომერსანტთან“ საუბარში აცხადებს, რომ 2019 წლის სეზონზე ძალიან ბევრი ტურისტი ჰყავდათ. მისი თქმით, ვიზიტორები  პოლონეთიდან და რუსეთიდან ჭარბობდნენ.


ელენე ჯერენაშვილი იმ პრობლემებზე საუბრობს, რომელიც  ზაფხულის სეზონზე  გუდაურში იქმნება.


„კარგი იქნება თუ გუდაურში პარკები აშენდება, გაჩნდება ისეთი სივრცეები, სადაც ადამიანები სეირნობას შეძლებენ და განიტვირთებიან. ზაფხულის სეზონზე აქ არაფერი არ არის. სასტუმროს უმეტესად ერთდღიან სტუმრები ჰყავს, ნახავენ გუდაურს და ეგრევე მიდიან, გზაზე ხომ არ ისეირნებენ. ადამიანი, რომელიც სამი დღით ჩამოდის, მეორე დღეს მოდის და მეუბნება, ვერ ვერთობია და მესამე დღეს გუდაურს ტოვებს. თუმცა, სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია ზამთარში, ამ დროს ტურისტები ძალიან კარგად ერთობიან და ისვენებენ“, - აცხადებს ელენე ჯერენაშვილი.


გუდაურში გადაადგილებაში ადგილობრივი ნოდარ მამულაიძე გვეხმარება. 67 წლის ტაქსის მძღოლი გვირჩევს, რომ გუდაურის გადმოსახედი ვნახოთ. ვიდრე დანიშნულების ადგილამდე მივალთ, ნოდარ მუმლაძე 2019 წლის ზამთრის სეზონს აჯამებს და ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით წელს გუდაურში უფრო ნაკლები ტურისტი იყო.


„ამ სეზონზე ტურისტები დიდი რაოდენობით არ ყოფილან, ჩემი აზრით, ამის ერთ-ერთ-ერთი მიზეზი შარშანდელი საბაგიროს ინციდენტია, რომელმაც ადამიანები ცოტა დააფრთხო. წელს უმეტესად იყვნენ პოლონეთიდან, რუსეთიდან და უკრაინიდან თუმცა, იყვნენ აზიის ქვეყნებიდანაც. აქ 1000 ვინმეს შეხვდები, რეკლამები კეთდება და ტურისტები მოიზიდეს. ტურისტებთან ხშირი შეხება მაქვს და მათ უმეტესობას პრეტენზიები გზასთან დაკავშირებით აქვს. მე ვატყობ, რომ კურორტი ევროპის დონეს უახლოვდება, აქამდე ნაგავს შუა გზაში ყრიდნენ ახლა, რომ ადგილობრივიც და ტურისტიც ცდილობს  სუფთა გარემო შეინარჩუნონ“, — მიყვება ნოდარ მამულაიძე.

 



როგორც ჩანს, ზაფხულის სეზონზე გუდაურის გადმოსახედი ტურისტების ერთ-ერთ ფავორიტ ადგილად ითვლება. ეს ადგილი ჯერ ჯიდევ საბჭოთა პერიოდში აშენდა, მაგრამ წლების განმავლობაში მიტოვებული იყო, მისი რეკონსტრუქცია შარშან დასრულდა.


ადგილზე ძალიან ბევრი ტურისტი დაგვხდა. დაგხვდნენ ადგილობრივებიც. მანქანიდან გადმოსული არ ხარ და უკვე გთავაზობენ პარაპლანით ფრენას, კვადროციკლით გასეირნებას ქართულ თაფლს და ჩურჩხელას. ტერიტორიაზე, სადაც უამრავი ადამიანი ერთმანეთში ბუზებივით ირევიან, პირველი რაც თვალში გხვდება, მოუწესრიგებელი ნაგავსაყრელებია.

 



ადგილობრივები კამერასთან საუბარს გაურბიან, ყველა მათგანი ამბობს, რომ ზამთრის სეზონი წარმატებული იყო და ზაფხულშიც უფრო მეტი ტურისტს ელოდებიან..


გიორგი სოფელ ნაღვარევიდანაა. გუდაურის გადმოსახედის ტერიტორიაზე სახლში დამზადებულ ფაფახებს, საშუალოდ 25 ლარად ყიდის. ამბობს, რომ ზამთარში ძალიან ბევრი ტურისტი იყო ახლა კი მათი რიცხვი საგრძნობლად შემცირდა და შესაბამისად, მისი საარსებო შემოსავალიც შემცირებულია.




ნინო ბებო 3 წელია გუდაურში სახლში დამზადებულ ჩურჩხელას, თაფლს, ხილს და თხილს ყიდის. ამბობს, რომ ტურისტებს ყველაზე მეტად ჩურჩხელას ყიდულობენ.


„კმაყოფილი ვართ წლევანდელი სეზონით, ბევრი მომხმარებელი გვყავს , ყაზბეგის რაიონი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ადგილობრივი მოსახლეობა კარგად ვიყოთ“, - აცხადებს ნინო ბებო.

 

რა თემებზე საუბარიც არ უნდათ ადგილობრივებს, საუბრობენ ტურისტები. ყველა მათგანი გაკვირვებულია გუდაურის სილამაზით თუმცა, გაოცებულები არიან იმ ინფრასტრუქტურული პრობლემებით, რომელიც, მათი თქმით, ევროპული დონის  კურორტზე ხვდებათ.

 


ავსტრიელი ტურისტი


ძალიან საინტერესო ადგილია, მომწონს ბუნება, ალბათ აქ სრიალი ძალიან სასიამოვნოა. აქამდე მოსასვლელი გზებიც ძალიან ლამაზია, თუმცა არ მომწონს ის, რომ ირგვლივ ნაგავი ყრია. ხდება ხოლმე, როცა ადგილს ბევრია ადამიანი სტუმრობს, მაგრამ იქნებ მეტი სანაგვე ურნები დაიდგას, რომ ნაგავი ქუჩაში არ მოისროლონ.


პოლონელი ტურისტი


გუდაურში ეს დიდი მთები მომწონს, საქართველოში კი ყველაფერი. განსხვავებული ლანდშაფტებია მთებით დაწყებული უდაბნოს მსგავსი გარემოთი დასრულებული. თუმცა კარგი იქნება თუ აქამდე მოსასვლელ გზას უკეთ გააკეთებენ.


შოტლანდიელი ტურისტი


გუდაური ულამაზესია, გუშინ ჩამოვედით და ბევრი არაფერი გვინახავს. ვფიქრობ, ზამთარში აქ გაცილებით კარგი დროის გატარება იქნება შესაძლებელი, ამიტომ აუცილებლად ჩამოვალ ზამთარშიც.


გერმანელი ტურისტი


ძალიან მომწონს ეს ადგილი, საოცარია, დიდად განსხვავდება ქვეყნის დანარჩენი ნაწილისგან. რამდენიმე წლის წინ ჩემი მეგობრები იყვნენ საქართველოში და ძალიან მოეწონათ, ამიტომაც ჩამოვედი. ძალიან მომწონს სამზარეულო და ლანდშაფტები.


 



რუსუდან ნაზღაიძე X გუდაურის წარმომადგენელია. კომპანია ტურისტებს პარაპლანის და კვადრო ტურებს სთავაზობს. რუსუდან ნაზღაიძე გვიყვება, რომ ექსტრემალური სპორტის ფასი ტურისტის ეროვნების მიხედვით იცვლება. მაგალითად, ქართველ მოგზაურს პარაპლანით ფრენას 150 ლარი დაუჯდება, ხოლო უცხოელ ტურისტს ამ მომსახურებაში 250 ლარის გადახდა მოუწევს.

 

„2019 წელი  აქტიურად დაიწყო ბევრი ტურისტი გვყავდა, შეგვიძლია ვთვათ, რომ სეზონმა კარგად ჩაიარა - უამრავი ფრენებით და უამრავი ტურისტით. ახლა არის გარდამავალი პერიოდი მაგრამ, სეზონი აქტიურად გრძელდება, ივნისიდან კიდევ უფრო მეტ ტურისტს ველოდებით . პარაპლანზე მოთხოვნა ძირითადად ჰქონდათ არაბ, ჩინელ და იაპონელ ტურისტებს.  ჩვენი სტუმარმასპინძლობა ყველას მოსწონს და ამბობენ, რომ საქართველოს კიდევ ესტუმრებიან“, - აცხადებს რუსუდან ნაზღაიძე.

 



კომერსანტთან 2019 წლის ზამთრის სეზონი შეაჯამა კაფე „მეგობარი“ -ს დამფუძნებელმა გოგა ფიფიამ. მისი თქმით, 2019 წლის ზამთრის სეზონი წინა წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო.

„გუდაური ინფრასტრუქტურულად ახალ სეზონს ბევრად გამართული შეხვდა, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. ამინდმა ხელი, ძალიან შეგვიწყო.  ჩემი აზრით, ტურისტების ნახევარი რუსეთიდან იყო, ბევრი ტურისტი გვყავდა პოლონეთიდან, ლიტვიდან და ლატვიიდან. ასევ გვსტუმრობდნენ დასავლეთ ევროპიდანაც,  რაც ძალიან სასიხარულოა. იქედან გამომდინარე, რომ გზები დიდთოვლობის გამო ხშირად დაკეტილი იყო, გარკვეულ პროდუქტებზე დეფიტიცი შეიქმნა, მაგრამ ეს გათვალისწინებული გვქონდა, ამიტომ პრობლემები არ შეგვქმნია. ჩემი აზრით, გუდაურის ყველაზე დიდი პრობლემა არის გზა, რომელიც ყოველ წელს ფუჭდება“, - აცხადებს გოგა ფიფია.


როგორც გუდაურელები გვეუბნებიან, გაზის და წყლის პრობლემა დაბაში მოგვარებულია.


წყალი შარშან გაიყვანეს და 24 საათის განმავლობაში უწყვეტად გვაქვს, აქამდე დატანჯულები ვიყავით, — გვიყვაბა ადგილობრივი დავითი.


როგორც ჩვენთვის ცნობილია, გუდაურში ინფრასრუქტურის სამინისტრო ახალ წყალსაცავს აშენებს, იქაურები ამბობენ, რომ მუშაობა ინტენსიურად მიმდინარეობს, მაგრამ ცუდი გზის გამო, ჩემი ტაქსის მძღოლი ჩასვლას ვერ რისკავს.


ასეთია ჩვენი თვალით დანახული თოვლის საფარის გარეშე დანახული გუდაური. 


ვიდრე სამარშუტო ტაქსით თბილისისკენ მომავალ, ორმოებით დატვირთულ ტრასას მოვუყვებიდი, ტელეფონით ყაზბეგის მერთან ალექსანდრე ზაგაშვილთანაც მოვასწარი გასაუბრება. 


მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი მიდასტურებს, რომ ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი კურორტის ცენტრალური  და შიდა გზაც ნამდვილად მოუწესრიგებელია, მაგრამ უკვე გამოცხადებულია ტენდერები და გზების მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. ასევე იწყება კანალიზაციის სისტემის მოწესრიგება, რაც ამ წლის ბოლოს  უნა დასრულდეს.


ერთი სიტყვით,  სანამ  კურორტი ახალი, 2020 წლის ზამთრის სეზონისთვის მოემზადება, გუდაური ტურისტების ყურადღებას უნიკალური ლანდშაფტით მიიქცევს. აქ ისევ თოვლს  დაელოდებიან, რათა ის პრობლემები, რომელიც ახლა ნათლად ჩანს, თოვლქვშ  დაიფაროს .



ბაჩო ადამია


თეგები:
გუდაური



მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა "ხეტაფეში" დაასრულა

მსოფლიოს უმდიდრესი ფეხბურთელი, რომელსაც 1 ბინა აქვს და კარიერა
access_time2020-06-02 21:30:26
სათაურის წაკითხვისა და ფოტოს ნახვის შემდეგ ურთიერთსაწინააღმდეგო განცდა დაგეუფლებოდათ - რადგან, როცა "უმდიდრეს ფეხბურთელს" წავიკითხავთ, თავში, პირველ რიგში, კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი ამოტივტივდებიან, რომლებიც წლიურად 100 მილიონ ევროზე მეტს შოულობენ.   თუმცა ფეხბურთელთა შორის ყველაზე მდიდარი ვარსკვლავებთან შედარებით ნაკლებად ცნობილი ფრანგი ფეხბურთელია, რომელმაც 2019 წელს "ხეტაფე" დატოვა და თავისუფალი აგენტი გახდა. მისი სახელი მეტიო ფლამინი...

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს

2 ივნისი - ქართული ლარი და თურქული ლირა გამყარებას განაგრძობს
access_time2020-06-02 19:00:51
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 2 ივნისის ვაჭრობის შედეგად, ქართული ლარის კურსი 4 თეთრით გამყარდა და ერთი აშშ...

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე

„საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის მოცულობა  თითქმის ქუთაისის ბიუჯეტია“ - ლევან კობერიძე
access_time2020-06-02 18:40:45
„მაღალი ბიუჯეტი და დაბალი რეიტინგი - ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების“ წევრმა, ლევან კობერიძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის 2019 წლის ანგარიში განიხილა. როგორც კობერიძემ კომიტეტის სხდომაზე აღნიშნა, მაღალი ბიუჯეტის პირობებში საზოგადოებრივ მაუწყებელს დაბალი რეიტინგი აქვს. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი - 69 მილიონი ლარი ქუთაისის ბიუჯეტზე მეტია. რეიტინგებში საზოგადოებრივი...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-02 21:55:14
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.ძმები ხარებავები ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე სასტუმროებს აშენებენ (ფოტოები) ტობავარჩხილის ტბებისკენ მიმავალ გზაზე შპს მუხური რეზორთი ორ სასტუმროს აშენებს. სასტუმროს პროექტი „ლაკადა გრუპმა“ მოამზადა, სწორედ ეს კომპანია ახორციელებს სოფელ მუხურში...

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს

Le Figaro: ევროპა ტურიზმის აღდგენას ცდილობს
access_time2020-06-02 21:00:44
როდის დაბრუნდებიან ტურისტები?- ბოლო პერიოდში ევროპაში ეს კითხვა პირველ ადგილზე  გამოვიდა. ქვეყნების ნორმალურ ცხოვრებას უბრუნდებიან, თანაც ზაფხულიც მოვიდა.მიზანი, გარკვეულწილად სოციალურიც არის, თუმცა პირველ რიგში მაინც ეკონომიკური. კორონაკრიზისამდე ტურიზმზე ევროკავშირის ეკონომიკის 10% მოდიოდა.იტალია, ესპანეთი და საბერძნეთი ტურისტულ სექტორზე ძალიან დამოკიდებულები არიან.  წლის ბოლოსთვის ამ დარგის დანაკარგები წინა წელთან შედარებით 40%-ს მიაღწევს, თუმცა, სხვადასხვა ქვეყნებში ვითარება...


მსგავსი სიახლეები

up