ვის არ უნახავს ლეგენდარული ფილმი „ტოსკანის მზის ქვეშ“? ეკრანებთან მოკალათებულებს არაერთხელ გვიოცნებია, რომ ჩვენც შეგვძლებოდა იმ საოცარ ადგილებში დროის გატარება, იტალიელ მხიარულ, სტუმართმოყვარე და ემოციურ ხალხთან ერთად.
მთავარია დაგეგმოთ დეტალები, ჩაალაგოთ ჩემოდნები, მოაწესრიგოთ სამოგზაურო დაზღვევა და თავით გადაეშვებით ისეთ ადგილებში, რომლებსაც მართლაც სამოთხეს შეადარებთ. ტოსკანა იდეალური ადგილია ტურისტებისთვის. აქ საშუალება გეძლევათ სოფლის სახლები მთლიანად დაიქირავოთ თავისი ვენახებითა და ბაღებით, დატკბეთ სუნთქვისშემკვრელი ხედებით, ფეხით მოიაროთ ვიწრო, ულამაზესი ქუჩები.
ტოსკანაში ჩასულებს დაგამუნჯებთ უნიკალური პეიზაჟების ფერთა გამა, თითქოს ყველაფერი ხელითაა დახატული, სინამდვილეში კი ტოსკანა ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილია დედამიწაზე.
უგემრიელესი ღვინო, სამზარეულო, ძველი მამულები, არქიტექტორული და ისტორიული ძეგლები - ტოსკანა ტურისტებისთვის ნამდვილი სამოთხეა.
სიენა - შენობების დიდი ნაწილი, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს დაბომბვას გადაურჩა თავდაპირველი სახითაა შემორჩენილი. ამ ქალაქში რამდენიმე მუზეუმია, რომელთა უმეტესობაშიც ერთი ბილეთით შეგიძლიათ ისარგებლოთ და ფულიც დაზოგოთ. ულამაზესი ძველებური ტაძრები, პანორამული ხედები ქალაქის გარშემო, შუასაუკუნეების არქიტექტურა და მონუმენტები აუცილებლად მოგანდომებთ შემდეგ ჯერზე ამ პატარა ქალაქის მონახულებასაც.
ვოლტერა - ამ ქალაქში მდებარეობს ტოსკანის რეგიონში უძველესი გოთიკური შენობა - Palazzo dei Priori. ვოლტერაში შენარჩუნებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-4 საუკუნეში აგებული კარიბჭე Porta all′Arco. ის რაც ამ ქალაქში აუცილებლად უნდა ნახოთ მედიჩების ციხესიმაგრეა, რომელიც ფლორენციის მიერ ვოლტერას დაპყრობის შემდეგ 1474 წელსაა აგებული. თუ მზის ჩასვლის დაუვიწყარი სანახაობით გსურთ დატკბობა ვოლტერა ამის საშუალებასაც მოგცემთ, აქედან საოცარი ხედი იშლება მინდვრებსა და ბორცვაკებზე.
მონტეპულჩანო „ვინო ნობილეს“ იგივე კეთილშობილი ღვინის სამშობლოა. ასევე განთქმულია აქაური სპაგეტი და ყველი. 2009 წელს ამ პატარა ქალაქში გადაიღეს ყველასთვის ცნობილი ფილმი „ახალი მთვარე“ თუმცა თავად რომანში მონტეპულჩანოს ნაცვლად ვოლტერაა მოხსენიებული.
ფილმებით სახელგანთქმული ქალაქებიდან არ უნდა გამოგვრჩეს არეცო, სწორედ აქ არის გადაღებული რობერტო ბენინის ცნობილი ფილმი „ცხოვრება მშვენიერია“. არეცო ერთ-ერთი მთავარი ეტრუსკული ქალაქ-სახელმწიფოა, რომელიც ეგვიპტის ალექსანდრიამდეა აგებული. აქაურ მთავარ კათედრალურ ტაძარს ძალიან კარგად აქვს შემონახული ფრესკები. არეცოს მოსახლეობა საკმაოდ ტრადიციულია, აქ ყოველწლიურად, სარაცინების რაინდთა ტურნირი (Giostra del Saracino) იმართება. მონაწილეები კოლორიტულ სამოსში ეწყობიან და მხედრები, რომლებიც ქალაქის უბნებს წარმოადგენენ, ერთმანეთს ხის ნიშანში სროლაში ეჯიბრებიან.
არეცოსთან ერთად აუცილებლად უნდა ინახულოთ 2000 წლის წინ დაარსებული პატარა ქალაქი კორტონი, ზოგიერთი წყაროს მიხედვით ეს ქალაქი რომზე ძველიც კია.
(R)