„თბილისის მერია იძულებული გახდა ამნისტია გამოეცხადებინა,“-ამის შესახებ „კომერსანტს“ „საქართველოს მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე აბულაძემ თბილისის მერის იმ ახალი საკანონმდებლო ინიციატივის კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, თბილისის მერია უკვე დასრულებულ, მაგრამ ექსპლუატაციაში მიუღებელ შენობებზე ამნისტიას აცხადებს. გარდა ამისა, სამშენებლო სექტორს მშენებლობის პროცესში რიგი კანონდაღვევის შემთხვევაში, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. სიახლეა ისიც, რომ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, შეუძლებელი იქნება იმ შენობა-ნაგებობაში ადამიანების შესვლა და ცხოვრება, რომელიც არ არის ექსპლუატაციაში მიღებული.
როგორც „მენაშენეთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე აბულაძე განმარტავს, როდესაც ამნისტიას აცხადებენ ხდება განვლილი პროცესების ჩამოწერა, მეორეს მხრივ, ამკაცრებენ მშენებლობის პირობებს.
მისი განმარტებით, ეს არის ისეთი შენობები, სადაც ხალხი ისედაც ცხოვრობს და სხვადასხვა დარღვევების გამო ვერ მოხდა მისი ექსპლუატაციაში მიღება. პრაქტიკულად მათი დანგრევა შეუძლებელია.
„ამნისტია ცხადდება მაშინ, როდესაც ახალი ფურცელი იწყება. დადებითი მხარე აქვს იმას, რომ 600 შენობის მაცხოვრებელი, ვინც დღეს იქ ცხოვრობს, კრედიტის საჭირო ოდენობას , ობიექტის დაბალი ღირებულების გამო ვერ იღებენ. აღნიშნული შენობა წერია როგორც მშენებარე და არა დასრულებული. საბოლოო ჯამში ეს არის ფაქტის აღიარება. ისინი დღეს ჰაერში არიან გამოკიდებულები და ამ არსებულ სტატუსკვოს ოფიციალურ მხარეს აძლევენ,“-აცხადებს აბულაძე.
მისივე განმარტებით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, თბილისის მერია იძულებული გახდა ამნისტია გამოეცხადებინა. მეორეს მხრივ, მათ უნდოდათ სამშენებელო ადმინისტრირების გამკაცრება. ამას კი ვერ გააკეთებდნენ მაშინ, როდესაც ამდენი ექსლოატაციაში მიუღებელი შენობა იყო.
კითხვაზე, რამდენად მძიმეა დეველოპერული სექტორისთვის ის ჩანაწერი, რომ დარღვევების შემთხვევაში საქმე სისხლის დანაშაულად ჩაითვლება, აბულაძე განმარტავს, რომ დარღვევები ნებისმიერ მშენებლობაზე ფიქსირდება.
„არ არსებობს მძღოლი, რომელსაც საგზაო მოძრაობის დროს არასდროს არაფერი დაურღვევია. იგივეა მშენებლობებზე. აქაც ხდება მცირე გადაცდომები. აგიხსნით რა შემთხვევაშია სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, ეს უნდა იყოს განზრახ ჩადენილი ქმედება. დღეს არის ისეთი ფაქტები, როდესაც ობიექტზე მივიდა ზედამხედველობა, ნახა დარღვევები და ობიექტი გააჩერა. სამშენებლომ მერიის ეს აქტი არ გაითვალისწინა და მშენებლობა პირატულად გააგრძელა. აი ასეთ შემთხვევაში ხდება სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მეორე მაგალითს მოვიყვან, როცა შეთანხმებულია 9- სართულიანი შენობა და რეალურად მშენებელი აშენებს 10 სართულიანს,“-აცხადებს აბულაძე.
კითხვაზე, საჭიროა თუ არა ამ ტიპის რეგულაციების და ამნისტიების ამოქმედება, აბულაძე განმარტავს, რომ, სამწუხაროდ, ეს არის პასუხი იმ გამოწვევაზე, რომელიც არსებობს. მისი განმარტებით, დღეს, როდესაც მეტი ბიუროკრატიაა, ხდება სხვადასხვა ხერხებით კანონისთვის თავის არიდება. შესაბამისად, მერიის ეს რეგულაციები და ამნისტია არის პრევენცია იმისთვის, რომ ასეთი რამე არ მოხდეს.
გახდება თუ არა პრობლემური დეველოპერებისთვის ექსპლოატაციაში მიუღებელ ბინებში მოსახლეობის განთავების უფლების აკრძალვა და ხომ არ გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებიდან გამომდინარე ფასების ზრდას, აბულაძე განმარტავს, რომ ამის გამო ფასები არ გაიზრდება, თუმცა ეს არის გამოწვევა როგორც დეველოპერისთვის, ისე ზედამხედველობის სამსახურისთვის.
„მათ უნდა შეძლონ იყვნენ ოპერატიულები. ამ მოცემულობაში ამის განხორციელება მგონია რომ პრობლემაა. იდეა და თეორიის დონეზე ეს სწორია, თუმცა, შესაძლოა აღსრულების თვალსაზრისით გარკვეული პრობლემები შეიქმნას,“-აღნიშნავს აბულაძე.
სოფო ქსოვრელი