ამერიკელი მსახიობი ტომ კრუზი და ფილმ „შეუსრულებელი მისიის“ მეშვიდე ნაწილის გადამღები ჯგუფის სხვა წევრები კარანტინში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ტომ კრუზი ვენეციაში ფილმის რამდენიმე სცენის გადასაღებად ჩავიდა, თუმცა კორონავირუსის ეპიდემიის გამო გადაღებები შეწყდა, მსახიობები კი საკარანტინო სივრცეში მოათავსეს.
წინასწარი ინფორმაციით, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ აქვს.
მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 70-ს მიაღწია. 83 650 ინფიცირებულიდან გამოჯანმრთელებული კი 36 533-ია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, დაავადებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც 26 თებერვალს აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. საუბარია 50 წლის კაცზე. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
კორონავირუსის მეორე შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 28 თებერვალს 28 თებერვალს, მესამე კი 29 თებერვალს დადასტურდა. 26 თებერვალს ჯანმომ განაცხადა, რომ კორონავირუსის პანდემიად გამოცხადების საფუძველი ჯერ არ არსებობს.
30 იანვარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. ჩინეთში საქართველოს საელჩოში კი ცხელი ხაზი მოქმედებს.
IMEDINEWS