პანდემიური პერიოდის მიუხედავად, საქართველოში ნაყინის რეალიზაცია გაიზარდა. როგორც კომპანია „თოლიას“ მარკეტინგის მენეჯერი სანდრო ლომთაძე ,,კომერსანტთან“ ამბობს, მიმდინარე სეზონზე, 2020–ის ზაფხულთან შედარებით, დაახლოებით 12%-ით მოიმატა ,,თოლიას“ გაყიდვებმა. რაც შეეხება ფასებს, მთლიანად ნაყინის ქართულ ბაზარზე 14%-იანი ზრდა ფიქსირდება.
,,ნაყინის ბიზნესი პანდემიურ პერიოდში ერთ-ერთი სფეროა, სადაც ნეგატიური გავლენა არ იგრძნობა. პირიქით, წინა წელთან შედარებით, რეალიზაცია 12%-ით გავზარდეთ. დაახლოებით ამავე მაჩვენებლით არის მომატებული გაყიდვები პანდემიამდელ 2019 წელთან შედარებითაც. რაც შეეხება ფასებს, უმეტეს შემთხვევაში, ცვლილება არ მოგვიხდენია, თუმცა ზოგიერთი დასახელების პროდუქტი გაგვიძვირდა. ფასების ზრდა მთლიანად შეეხო ნაყინის ბაზარს, პროდუქცია კომპანიებმა 14%-ის ფარგლებში გააძვირეს. ამ ეტაპზე ვაწარმოებთ 58 დასახელების ნაყინს და ასორტიმენტი მუდმივად მზარდია“, - ამბობს სანდრო ლომთაძე.
მისი თქმით, პანდემიურ პერიოდს სტრუქტურულად რაიმე შესამჩნევი ცვლილება გაყიდვების მიმართულებით არ მოუხდენია. თუმცა, საწყის ეტაპზე საოჯახო ნაყინის მიმართ მოთხოვნამ მოიმატა და შემდეგში, სეზონის განმავლობაში ესეც მეტწილად დარეგულირდა.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, ლომთაძის ინფორმაციით, ამ მხრივ კორონავირუსი ხელისშემშლელი აღმოჩნდა, რადგან სანაყინეების ქსელის დაგეგმილი ზრდა ვერ განხორციელდა. სხვა მხრივ, როგორც კომპანიის მენეჯერი ამბობს, პანდემიას საწარმოო პროცესსა და ასევე დასაქმების მიმართულებით, უარყოფითი გავლენა არ მოუხდენია.
მისი თქმით, კომპანია განსაკუთრებულ აქცენტს პროდუქციის ხარისხზე აკეთებს და თითოეულ ნაყინს საწარმოში მდებარე ლაბორატორიაში ამოწმებს.
შეგახსენებთ, რომ ,,თოლია“ ქართულ ბაზარზე 25 წელია ოპერირებს და ლიდერ პოზიციაზეა - ბაზრის 57% უჭირავს.
კომპანიაში 400-მდე ადამიანია დასაქმებული.
მარი ჩიტაია