ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტი სეიკო ჰაშიმოტო ოლიმპიადის გადადებას ან გაუქმებას გამორიცხავს. „ოლიმპიადას კიდევ ერთხელ ვერ გადავდებთ,“- აღნიშნა სეიკო ჰაშიმოტომ.
იაპონიაში საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმეტესობას კორონავირუსის კრიზისის გამო, ოლიმპიადის ერთი წლით გადადება სურს. უკვე ცნობილია, რომ უცხოელი მაყურებელი ოლიმპიადას არ დაესწრება. გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, დაუშვებენ თუ არა ოლიმპიადაზე იაპონელ გულშემატკივრებს, ჯერჯერობით მიღებული არ არის.
იაპონია რამდენიმე კვირაა კორონავირუსის გავრცელების მეოთხე ტალღას ებრძვის. ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი დაბალია და 10 რეგიონში, მათ შორის ტოკიოში, 20 ივნისამდე საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
IPN.GE